აქციაზე სავარაუდოდ 3 პირი დააკავეს, მათ შორის, ირაკლი კაკაბაძე და გიორგი ღვინჯილია

პუბლიკა

კეკელიძის ქუჩაზე, აქციაზე, 3 პირი მათ შორის, ირაკლი კაკაბაძე, გიორგი ღვინჯილია და ანა დოლიძის პარტიის წევრი დააკავეს.

ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ სვამენ პოლიციის მანქანაში ირაკლი კაკაბაძეს და გაჰყავთ ტერიტორიიდან.

„პუბლიკა” დეტალებს შსს-სთან არკვევს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

კეკელიძის ქუჩაზე ამ წუთებში ოჯახს ასახლებენ, ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები, ისინი ცდილობენ, გამოსახლების პროცესის დაწყებას ხელი შეუშალონ. მოქალაქეებსა და აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს შორის დაპირისპირებაა.

მოქალაქეებს გაშლილი აქვთ ბანერები: „ხალხი გამოსახლების წინააღმდეგ“, „აიკრძალოს უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლება“.

კორპუსის შესასვლელი რკინის კარი დალუქული იყო, თუმცა შსს-ს წარმომადგენლებმა ის ხელსაწყოების გამოყენებით გახსნეს. აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებს თავდასაცავად რკინის ფარები აქვთ მიტანილი.

კეკელიძის 1 ნომერში იპოთეკით დაზარალებული მარინა ხატიაშვილის ოჯახი ცხოვრობს. მან „საქართველოს ბანკიდან” თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა – საბოლოოდ ხატიაშვილებმა საქართველოს ბანკს 10-წლიან $20 000 სესხში, 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკარებისთვის კი მთლიანობაში გადახდილი აქვთ $80 000. ოჯახს მცირეწლოვანი ბავშვი ყავს. აღსრულების ბიურომ ოჯახის გამოსახლება გასულ წლებში რამდენჯერმე სცადა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, საქმე ბიუროში 2018 წლის სექტემბერში შევიდა და სხვადასხვა მიზეზით, რამდენჯერმე გადაიდო.