აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს, გამოვიყენეთ პროპორციული ძალა - შსს

პუბლიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ უწყება  მთელი დღის განმავლობაში აქციაზე უზრუნველყოფდა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.

„დღის ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რაც კადრებშიც კარგად ჩანს და რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა“, – ამბობენ შსს-ში.

მათივე თქმით, აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს პოლიცია, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ აღკვეთს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მობილიზებულია სპეცრაზმი. სავარაუდდ, გაუშვეს ცრემლმდენი გაზიც. როგორც ცნობილია, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.