აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მიემართება

პუბლიკა

აქციაზე „დავიბრუნოთ ქვეყანა“, სადაც მოქალაქეები პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ, კარვებს შლიან. ორგანიზატორების თქმით, აქცია არ დაიშლება, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები.

აქციის მონაწილეთა ნაწილი კი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მიემართება, შეძახილებით – „წადი!“.

მოძრაობა „შეცვალეს“ ერთ-ერთი წევრმა „ tv პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ისინი მიდიან ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ, რათა ახლოდან გააგონონ მას ხალხის ხმა.

დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.

პარლამენტის შენობასთან კენჭისყრის პარალელურად მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია მიმდინარეობს.

შოთა დიღმელაშვილმა სიტყვით მიმართა აქციის მონაწილეებს და აქციის მოთხოვნებზე ისაუბრა.

„ჩვენ მოვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს, ოღონდ ეს პროპორციული არჩევნები გაიმართება გარდამავალი მთავრობის პირობებში. ჩვენ მოვახერხეთ კონსენსუსი ყველა ინტერესთა ჯგუფთან  და გაცოცხლდა სლოგანი „ერთად ყველა, ერთის წინააღმდეგ“; „ყველა მინუს ივანიშვილი“.

ეს არ არის ჩვენი მოთხოვნა. ეს ჩვენი გენგეგმაა. სანამ ეს არ მოხდება, მანამდე გაიმართება პერმანენტული არჩევნები. აქ დავბანაკდებით, სანამ არ გამოვგლეჯთ ხელიდან ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.