აქეთ ვეხმარებით ევროპელ მეგობრებს. 1300-მდე შემთხვევა გვაქვს იდენტიფიცირებული სანქცირებულ პროდუქციაზე - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არც ერთი ფაქტი არაა წარმოდგენილი საქართველოს მიმართ, რომ ქვეყანა ვინმეს სანქციების გვერდის არიდებაში დაეხმარა.

ასევე, პრემიერი ამბობს, რომ ამ პროცესში ქვეყანა „აბსოლუტურად პირნათელია“, არ არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები ამ მიმართულებით და მთავრობა „აბსოლუტურად გამჭვირვალეა.“

„მას შემდეგ, რაც ე.წ. ფინანსური სანქციები იყო შემოღებული და დაწესდა შეზღუდვები გარკვეულ პროდუქციასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია იყო ცხადი იმთავითვე: ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი და სანქცირებული კომპანიები და ინდივიდები აქ ვერ განახორციელებენ არასანქცირებულ ტრანზაქციებს, მათ შორის არასანქცირებული პროდუქციის გავლა არ მოხდება ჩვენი ქვეყნის ჩართულობით და ჩვენი ქვეყნის გავლით. შესაბამისად,  ჩვენი პოზიცია, ჩვენი ეს ნათქვამი დადასტურდა ჩვენს საკმაოდ ეფექტიან ქმედებებში და საზოგადოებამ მოისმინა მათი შეფასებები. მათ თქვეს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიან კონტროლს ახორციელებს, შექმნილი აქვს ეფექტური სისტემა, რომელიც მინიმუმამდე აზღვევს ამ რისკებს.

ჩვენ ჩვენს კოლეგებს, ჩვენს პარტნიორებს გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ 1300-მდე შემთხვევა აქვს იდენტიფიცირებული ფინანსთა სამინისტროს, ჩვენ ვაცნობეთ ევროპელ კოლეგებს, ევროპელ სახელმწიფოებს, რომ სწორედ მათი ქვეყნებიდან მოემართებოდა ეს სანქცირებული პროდუქცია, ჩვენ აქეთ ვეხმარებით ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია და გადაზიდვები“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართა. აღნიშნული განცხადებით პრემიერმა დეპუტატის ბექა ოდიშარიას შეკითხვას უპასუხა, რომელიც სანქციებს და რამდენიმე დღის წინ საქართველოში სანქციების საკითხებში აშშ-ის მაღალჩინოსნის, სალივანის ვიზიტს შეეხებოდა.