აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები პრეზიდენტს შეხვდნენ

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.

ორბელიანის სასახლეში შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა მშობელმა, მაკუნა გოჩიაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი მათ მედიკამენტის საჭიროებაზე მთავრობის დარწმუნებაში დაეხმარება.

„პრეზიდენტმა გამოგვიცხადა სრული მხარდაჭერა. აღნიშნა, რომ ამ დღეებში ამ თემაზე კვალიფიციურ ადამიანებს ეკითხებოდა აზრს მედიკამენტზე და საბოლოოდ დარწმუნდა და დაგვიდასტურა, რომ ის აუცილებელია და უსაფრთხოა ჩვენი შვილებისთვის.

პრეზიდენტმა სიხარული გამოხატა იმაზე, რომ არის ბიუჯეტში, როგორც პრემიერმა თქვა, თანხა და რადგანაც არის და პრემიერმა მზაობა განაცხადა, პრეზიდენტი დაგვეხმარება პროცედურებში, რომ დავაჩქაროთ, ექიმების კვლევები მოვიშველიოთ და დავარწმუნოთ ერთმანეთი ამ წამლის უსაფრთხოებაში“, – განაცხადა მაკუნა გოჩიაშვილმა.


აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლები საპროტესტო აქციებს რამდენიმე თვეა, მართავენ. მათი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი Voxzogo, რომელიც ავტორიზებულია აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მედიკამენტთან დაკავშირებით, მწირი მონაცემების არსებობის გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ფრთხილად ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, რათა მაქსიმალურად გარანტირებული იყოს პაციენტის უსაფრთხოება.