ვაგრძელებთ პროტესტს და მოვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები

პუბლიკა

მთავრობის სხდომის პარალელურად აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებმა გააკრიტიკეს პრემიერის განცხადება იმის შესახებ, რომ ხელისუფლება, ჯერჯერობით, არ აპირებს მათთვის საჭირო მედიკამენტის დაფინანებას. მშობლები ამბობენ, რომ თავიანთი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე პროტესტს არ შეწყვეტენ და პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ.

„თუ ფინანსები არ არის პრობლემა, თუ მისთვის ძვირფასი მოქალაქეები ვართ, თუ უარს არ გვეუბნებიან, შეგვხვდით, ბატონო პრემიერო, 20 წუთით“, – მიმართა პრემიერს ერთ-ერთმა მშობელმა.

ერთ-ერთი მშობლის თქმით კი, არასწორი იყო პრემიერის ის განმარტებაც, თითქოს სხვა ქვეყნები თავს იკავებენ ამ მედიკამენტის გამოყენებისგან. მისი თქმით, მათ შორის, აშშ-მა და საფრანგეთმა მისცეს საშუალება მოქალაქეებს, რომ პრეპარატი გამოიყენონ.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაწია ამ მედიკამენტის ზღვარი, ბატონო პრემიერო. 5 წლიდან იყო ნებადართული და 2 წლამდე დაწია. საფრანგეთის მაგალითს გეტყვით, იქ კვლევის მესამე ფაზის დასრულებამდე 6 თვით ადრე მისცა ბავშვებს საშუალება, ვისაც მაღალი ასაკობრივი ზღვარი ჰქონდა, რომ მიეღოთ ეს წამალი. რადგან ეს არის ერთადერთი მედიკამენტი.

მე არ განვცვიფრებულვარ ამ პასუხით, არ გეგონოთ, რომ დავეცემით, პირიქით უფრო გავძლიერდებით და არ გავჩერდებით“, – განაცხადა ქეთევან ბედიაშვილმა.

მშობლები ასევე გამოეხმაურნენ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების იმ ნაწილს, რომელშიც მან განაცხადა, თითქოს პოლიტიკოსები აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის.

„დედები არ გავჩერდებით, 24 საათის განმავლობაში აქ ვიქნებით. დედები არ დავიღლებით. ჩვენი მოთხოვნა არის სამართლიანი და ვიქნებით ჩვენი მიზნების მიღწევამდე. პრემიერის განცხადება, რომ ჩვენ რომელიმე პარტია შემოგვიერთდა, არის ცრუ ინფორმაცია. არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ ვიყენებთ ჩვენ გვერდით, აპოლიტიკურები ვართ“, – უთხრა „პუბლიკას“ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელმა ,მარიამ მუშკიაშვილმა.


აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლები საპროტესტო აქციებს რამდენიმე თვეა, მართავენ. მათი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი Voxzogo, რომელიც ავტორიზებულია აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მედიკამენტთან დაკავშირებით, მწირი მონაცემების არსებობის გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ფრთხილად ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, რათა მაქსიმალურად გარანტირებული იყოს პაციენტის უსაფრთხოება.