აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ – გიორგი კვირიკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ მიესალმება გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას, თუმცა თავად არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას. გიორგი კვირიკაშვილის კომენტარს „პირველის არხი“ ავრცელებს.

„მე პირადად არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას. მექნება ჩემი საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ. მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მიღებული მაქვს ბევრი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების დროს ვხელმძღვანელობდი ქვეყნის ინტერესებით.

დღეს პოლიტიკაში ჩართვით არ მინდა, ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ის მოტივაცია, რომელიც მქონდა მათ შორის ანაკლიის პროექტის შემთხვევაში, რომელსაც მხარს ვუჭერდი და ვუჭერ როგორც საქართველოსთვის ნომერ პირველი მნიშვნელობის პროექტს მომავალი ათასწლეულებისთვის საქართველოს ეკონომიკური და სტრატეგიული პოზიციონირების კუთხით. აქედან გამომდინარე არ მინდა, რომ ოდნავი კითხვის ნიშნები გაჩნდეს“, – განაცხადა მან.