აქტივისტები აორგანიზებენ გუნდს, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს სხვადასხვა ფორმით შეუერთდება

პუბლიკა

„არა რუსულ კანონს” – პარლამენტის წინ, სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზაციებმა – „ტალღა” და „ჯიუტი” კანონპროექტთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრა გამართეს.

საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქტივისტები საჯაროდ აორგანიზებენ გუნდს, რომელიც შეიკრიბება და რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს სხვადასხვა ფორმით შეუერთდება.

დღევანდელ შეკრებაზე ორგანიზატორებმა პარლამენტის წინ შეკრებილებს მოუწოდეს, ორშაბათს პარლამენტის შენობისკენ ბანერებით მივიდნენ, რადგან მათი ინფორმაციით, შესაძლოა, პარლამენტმა სწორედ 8 აპრილს, განიხილოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი.

მათი თქმით, ორგანიზებულ მოქმედებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, პირველ ეტაპზე, სჭირდებათ ადამიანები, ვინც საორგანიზაციო საქმეებში დაეხმარებიან, მათ შორის, ეძებენ დიზაინერებს, ტექნიკას, პროექტორის მქონე ადამიანებს და სხვა.

„ორშაბათს შესაძლებელია ამ კანონპროექტის განხილვა იყოს, ამიტომ მაქსიმალური ხმაურით და ბანერით მივიდეთ. კამპანია უნდა ვაწარმოოთ და მინდა, რომ ყველანი იყოთ მზად დიდი, გრძელი კამპანიისთვის, რომელიც იქნება კარგად ორგანიზებული. დღეს შევიმუშავეთ სტრუქტურა, რომ ვითომ ვართ ერთი დიდი ოფისი, რომელმაც უნდა ვიმუშაოთ ხანგრძლივად და საკმაოდ მძიმე მტერის – „ოცნების” წინააღმდეგ. ჩამოვწერეთ სია, რაც დაგვჭირდება ბრძოლაში. დიზაინერები ვინ არიან, ვის ჰყავს მანქანა, ვის აქვს პროექტორი და ასე შემდეგ, რომ სრული მზადყოფნა და ორგანიზებულობა გვქონდეს. ის მოთხოვნები, რაც უნდა გვქონდეს აქციისას, განვიხილოთ ერთად. ვიმსჯელოთ და შემოგვიერთდით ჯგუფში „ტალღა”, – თქვა ნატა ფერაძემ.

„პირველ რიგში, იმისათვის რომ გავიმარჯვოთ, აუცილებელია კარგად დავიგეგმოთ იმიტომ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ძალიან დიდი ჯგუფი მუშაობს და ორგანიზებული ბევრი ფულიც აქვთ, შალვა რამიშვილისნაირი ადამიანებიც ბევრი ჰყავთ და ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამიტომ, ჩვენ თუ გვინდა, რომ მოვუგოთ ამ დიდ მტერს, უნდა შევიკრიბოთ და ერთიანობით, დაგეგმვით მოვიშოროთ ეს ხელისუფლება.

ერთიანობით უნდა შევძლოთ ის რუსული ჭანჭიკი, რაც არის „ქართული ოცნების” სახით დღეს ხელისუფლებაში, მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ მოვიშოროთ. ჩვენ გვექნება დემოკრატიული პროცესი. შექმნილი გვაქვს ჯგუფი „ფეისბუქზე”, სახელად „ტალღა”, სადაც იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესდებიან, შეუძლიათ ჩაერთონ ამ პროცესში. ჩვენს ნებისმიერ ნაბიჯს ასე დემოკრატიულად გადავწყვეტთ”, – განაცხადა „ჯიუტის” წევრმა, ლაშა ჯანჯღავამ.


„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს. მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.