აქტივისტებმა კესო დეკანოსიძის გარდაცვალების გამოძიების მოთხოვნით საგამოძიებო უწყებებს მიმართეს

პუბლიკა

„დეოლიგარქიზაცია სამართლიანობისთვის“ დირექტორის, კესო დეკანოსიძის გარდაცვალების გამოძიების მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება შეიტანეს.

კესო დეკანოსიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 1 სექტემბერს გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ მისი ცხედარი ბათუმში ზღვაში იპოვეს.

კესო დეკანოსიძე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო და ხშირად აკრიტიკებდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

აქტივისტებს, რომლებმაც დღეს საგამოძიებო უწყებებს მიმართეს, თვითმკვლელობის ვერსიასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

ისინი აცხადებენ, რომ გარდაცვალების შემდეგ კესო დეკანოსიძის სოციალური ქსელიდან დედასთან კონფლიქტსა და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკასთან დაკავშირებული ვიდეოები და პირადი მიმოწერები წაიშალა, რაც მათთვის საეჭვო გარემოებაა.

აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი TV პირველთან საუბარში ამტკიცებს, რომ ტყუილია, თითქოს დეკანოსიძეს 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მისი თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ის 29-30 აგვისტოს საღამოს აქციაზე ნახეს. მისივე თქმით, 27-29 აგვისტოს კესო დეკანოსიძემ რამდენიმე ადამიანს „უსაფრთხო დასარჩენი“ სთხოვა. ამ ინფორმაციას ადასტურებს აქტივისტი დარეჯან ცხვიტარია, რომელიც ამბობს, რომ „კესო დეკანოსიძე მასთან მივიდა და ღამის გასათევს ეძებდა“.

„საზოგადოება ვალდებულიც კი არის, რომ მოითხოვოს კითხვებზე პასუხი, მაშინ, როდესაც ძალიან აქტიური ადამიანი, ახალგაზრდა ქალი, მას შემდეგ, რაც აქტიურად მონაწილეობს აქციებში, აქტიურად აპროტესტებს უსამართლობებს ქვეყანაში, მის სოციალურ ქსელში იდება ვიდეოები, სადაც ის საუბრობს გარკვეულ სავარაუდო დანაშაულებზე და შემდეგ ძალიან მოულოდნელად ვიგებთ, რომ ის ზღვაში დაიხრჩო, რა ვერსიაც გავრცელდა.

ამ დროს ვალდებულები ვართ, ჩვენ მოვითხოვოთ მეტი კონკრეტიკა, მეტ კითხვაზე პასუხი, რომელზეც ვალდებულება აქვს გამოძიებას, პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ გასცეს კონკრეტული პასუხები: რა, როგორ, როდის, რატომ მოხდა, თუ ეს ასე მოხდა, თუ არა და გამოიძიოს, ჩაატაროს სრულფასოვანი გამოძიება“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

„ადამიანი ამბობდა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, რომ უპირებენ გაქრობას… ხომ გვეუბნებიან, რომ თავი მოიკლა და ზღვაში აღმოაჩინეს. შესაძლოა, ეს ასეც იყო, მაგრამ გვანახონ კამერის ჩანაწერი, როგორ მიემართება დავუშვათ, ბულვარში მარტო თავის მოსაკლავად ან როგორ მიემართება რაღაც შემაღლებაზე, რომ ჩახტეს ზღვაში“, – უთხრა საზმაუს ბორდის წევრმა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ „TV პირველს“.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ კესო დეკანოსიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.