აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად საპატრიარქოს წითელი საღებავი შეასხეს

პუბლიკა

სამოქალაქო აქტივისტებმა წითელი საღებავი შეასხეს საპატრიარქოს შენობას.

ამით მათ გამოხატეს პროტესტი ტელეკომპანია “პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის გამო, რომელიც სასულიერო პირების მიერ წაქეზებულმა ძალადობრივმა ჯგუფმა, 5 ივლისს სასტიკად სცემა.

იგივე გააკეთა ელენე ხოშტარიამ მთავრობის კაცელარიის შენობასთან. მან წითელი საღებავი შეასხა კანცელარიის შენობას და თქვა, რომ “შეუძლებელია ჩვეულებრივ გააგრძელო ცხოვრება და შიგნით მკვლელები და მოძალადეები იყვნენ მოკალათებულნი”.


ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

ლექსო ლაშქარავა სასტიკად სცემეს „სირცხვილიას” ოფისში მოძალადეების შეჭრისას. როგორც ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს: „ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ,  20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა”.

ლაშქარავას ოპერაცია ჩაუტარდა, მას ტვინის შერყევა დაუდგინდა და სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული.