აქტივისტი აცხადებს, რომ პოლიციელმა ხელბორკილი ჩაარტყა - ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მთელი დღის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტების საქმის სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა.

სასამართლოს პრესსამსახურიდან „პუბლიკას“ აცნობეს, რომ ერთ-ერთი დაკავებულის, დავით კაპანაძის საქმის განხილვა 20 მაისს გადაიდო. კიდევ სამი დაკავებული აქტივისტის, ხუსკივაძის, ფარულავას და ჩხვირკიას პროცესები ასევე გადაიდო 26 აპრილს.

აქტივისტი დავით კაპანაძე სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებს.

„მივედით გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე, პოლიციის მანქანაში ჩამაგდეს ძალის გამოყენებით, შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა, უფროსმა ლეიტენანტმა ხელბორკილი ჩამარტყა თვალში და შუბლის არეში.  არის უფროსი ლეიტენანტი, მეჯდა ხელმარცხნივ კამერებშიც იქნება დაფიქსირებული”, – აცხადებს დავით კაპანაძე.

 

Ამას შეხედეთ!

Მე არ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება!

Ამის გამკეთებელი კიდევ პოლიციელია.

დავით კაპანაძე

#მოძრაობასაქართველოსთვის

Posted by Alika Kuprava on ხუთშაბათი, 15 აპრილი, 2021

დავით კაპანაძის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.

„მიმდინარე წლის 15 აპრილს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, 2021 წლის 14 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრების მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, შეკრების მონაწილე დ. კ.-ს მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – აცხადებენ ინსპექტორის პრესსამსახურში.