26 მაისს, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე აქტივისტი ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს.
როგორც ადვოკატმა თამარ წულუკიძემ „პუბლიკას“ განუცხადა, ნაცვლიშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული – მას წვრილმან ხულიგნობასა (166-ე მუხლი) და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) ედავებიან.
ადვოკატის განცხადებით, აქციის მონაწილეები საუბრობდნენ, რა დროსაც უცბად პოლიციის თანამშრომლები ლუკა ნაცვლიშვილთან მივიდნენ და დააკავეს. წულუკიძის თქმით, დაკავების მომენტში ნაცვლიშვილისთვის იდენტიფიცირებადი არ იყო, რომ მასთან პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.
როგორც ადვოკატი ამბობს, ლუკა ნაცვლიშვილს დაზიანებები არ აღენიშნება.
„დაკავების წინა პერიოდი, როგორც დაკავებული მიყვება არის ასეთი: იყო საუბარი აქციის მონაწილეებს შორის, ხმამაღალი სიტყვიერი კომუნიკაცია, არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა და ამ საუბრის დროს უცბად პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დააკავეს.
მოლოდინი ჰქონდათ, რომ ეს იყო განრიდება, რასაც იყენებენ ხოლმე ასეთ სიტუაციებში, თუმცა განყოფილებაში რომ მივედით დაკავების ოქმი შეადგინეს და შემდეგ უკვე იზოლატორში გადაიყვანეს.
დაკავების მომენტში, როდესაც ლუკასთან მივიდნენ პოლიციელები, როგორც ის ამბობს, აღქმადი არ იყო, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ იმიტომ, რომ ძალიან მოულოდნელად გაჩნდნენ ეს ადამიანები მასთან.
მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ მუხლი მოიაზრებს არაერთგზის მოწოდებას, რომ კონკრეტულმა პირმა რაღაც კანონდარღვევა, თუ ამას აქვს ადგილი, შეწყვიტოს. ერთი მხრივ, კანონდარღვევა სახეზე არ ყოფილა და მეორე მხრივ, არც მოწოდება ყოფილა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. ანუ, მუხლის შემადგენლობა ამ ნაწილში არ გვაქვს, თუმცა ბოლო პერიოდში მიჩვეულები ვართ, რომ მუხლის შემადგენლობა შეიძლება არ იყოს, მაგრამ მაინც გამოიყენონ კონკრეტული მუხლი და პირი ცნონ სამართალდამრღვევად“, – ამბობს ადვოკატი „პუბლიკასთან“.
ლუკა ნაცვლიშვილი ბათუმში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქციის შემდეგ დააკავეს. ნაცვლიშვილის დაკავების კადრები აქციაზე მყოფმა მოქალაქემ გადაიღო.
„ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ დაკავების დროს ლუკა ნაცვლიშვილი პოლიციელებს ეკითხება – „რის გამო მაკავებთ?“, თუმცა კითხვაზე ის პასუხს ვერ იღებს და ძალის გამოყენებით სვამენ მანქანაში.