აქუბარდია: პოლიტიკოსებმა მივცეთ მაგალითი და ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახის წევრები გავუშვათ ჯარში

პუბლიკა

საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, თეონა აქუბარდია პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას თავდაცვის ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

„დიახ, ქვეყანაში, რომლის 20% არის ოკუპირებული და რომლის ირგვლივაც ასეთი გამოწვევები არსებობს, აუცილებელია თავდაცვის რეფორმა, რომ ქვეყანას ჰყავდეს სავალდებულო ჯარი და არა ისეთი, როგორიც ახლა გვყავს, თუმცა აუცილებელია არა მხოლოდ ის, რომ სავალდებულო იყოს ჯარში მსახური, არამედ აუცილებელია, მოქალაქეებს ჩვენ, პოლიტიკოსებმა, მივცეთ მაგალითი და ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახის წევრები გავუშვათ ჯარში.

აუცილებელია თავდაცვის რეფორმა, აუცილებელია სავალდებულო სამხედრო სამსახური, მაგრამ ამის პოლიტიკური მაგალითია საჭირო, ამაზე ფიქრი და ზრუნვაა საჭირო და შეიარაღება, რომელიც აუცილებელია ოკუპირებული ქვეყნისთვის იმისთვის, რომ თავდაცვის უნარი ჰქონდეს ქვეყანას. ასევე,საჭიროა პარტნიორების დახმარება და არა მათი ლანძღვა იმისთვის, რომ ის დახმარება, რასაც აქამდე ჩვენ გვაძლევდნენ, გაიზარდოს, რის პირობაც არის, და ეს გამოვიყენოთ ეფექტიანად.

თუ გვსურს, რეალურად გვყავდეს ძლიერი ჯარი, თუ გვსურს, თავდაცვა გვქონდეს ძლიერი, დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი შვილებიც იყვნენ ჯარში და ეს არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმ მოსახლეობის ტვირთი, რომელსაც არ შეუძლია გადავადება“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.


გუშინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თავდაცვის კოდექსის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა კოდექსი, რომლის მიხედვითაც მოხდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირება. ღარიბაშვილის თქმით, რეფორმის შემდეგ სამსახურს მოქალაქეები მხოლოდ თავდაცვის სისტემაში გაივლიან.