მთავრობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირებას გეგმავს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თავდაცვის კოდექსის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა კოდექსი, რომლის მიხედვითაც მოხდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირება. ღარიბაშვილის თქმით, რეფორმის შემდეგ სამსახურს მოქალაქეები მხოლოდ თავდაცვის სისტემაში გაივლიან.

სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, მოხდება მისი რეფორმირება და ყველა მოქალაქე სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლის მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. მოგეხსენებათ მანამდე ეს იყო გაფანტული და არ იყო ეფექტური, ეს უნდა ვაღიაროთ. ყველა ანალიზის მიხედვით, ეს სამსახური არ იძლეოდა იმ ეფექტს, რომელიც ჩვენ გვინდა მივიღოთ.

ამიტომ, უსაფრთხოების სამსახურში შემავალi სამინისტროების ხელმძღვანელებთან გვქონდა საუბარი, გავაანალიზეთ ყველამ ერთად და შევთანხმდით, რომ სავალდებულო-სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.

გარდა იმისა, რაზეც ვისაუბრე, შეიქმნება ეფექტური სისტემა, პროგრამა იქნება ექვს, რვა და 11-თვიანი. იმის მიხედვით, ვინ როგორ კარიერას აირჩევს შემდეგში. მინიმუმ 6-თვიანი პროგრამა იქნება. ეს არ იქნება მხოლოდ თეორიული სწავლება, ეს იქნება ინტენსიური სამხედრო მომზადება.

ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ, პირს ექნება მოხდილი სავალდებულო-სამხედრო სამსახური და მიენიჭება რიგითის წოდება. მთავარი მიზანი იქნება ძლიერი რეზერვის შექმნა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ახალი სისტემა 2025 წლიდან ამოქმედდება და პროექტი 80 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება.

„გაწვევას ნაცვლად რეგიონული სამინისტროსი, განახორციელებს თავდაცვის უწყება. ეს პროცესი დაიწყება იანვრიდან, მაგრამ პროგრამა ამოქმედდება 2025 წლის პირველი იანვრიდან. მანამდე სამინისტროს სჭირდება ამ სისტემის მოწესრიგება და მომზადება.

გვინდა, რეგიონებში ავაშენოთ თავდაცვის ცენტრები, რომ ადგილზე გაუადვილდეთ ახალგაზრდებს ინფორმაციის მიღება და მოხდება მაქსიმალურად კომფორტულად ჩაწერა და რეკრუტირება. ეს პროექტი დაგვიჯდება 80 მილიონ ლარზე მეტი და მოხდება შესაბამისი თანხების მოძიება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე პრემიერის თქმით, თავდაცვის კოდექსით ამოქმედდება მოქნილი სისტემა სტუდენტებისთვისაც. 23 წლამდე ასაკის სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა სტუდენტობის პერიოდშივე 1-თვიანი ინტენსიური წვრთნებით შეეძლებათ.

„აუცილებელია უფრო მოქნილი სისტემის შეთავაზება სტუდენტებისთვის. გარდა იმისა, რომ უწყებას არ ექნება საშუალება, ყველა წვევამდელი მოამზადოს, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ საჭიროა უფრო მოქნილი სისტემაც.

შესაბამისად, 23 წლამდე ასაკის სტუდენტებს, რომლებიც გადაწყვეტს, რომ სამხედრო წვრთნა გაიარონ სტუდენტობის პერიოდშივე, 4 წლის ვადაში შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ამ პროგრამაში.

წელიწადში ერთთვიანი პროგრამა იქნება, ინტენსიური მომზადების პროგრამა და გაივლიან ძირითად სამხედრო მომზადების პროგრამას. ანუ პროგრამა იქნება 4-წლიანი, მათ მოუწევთ წელიწადში ერთი თვე სამხედრო ბაზებზე ინტენსიური მომზადება და ოთხი წლის თავზე, ამ მომზადების საფუძველზე, მათ ჩავუთვლით სამხედრო სამსახურს მოხდილად და მიენიჭებათ რიგითის წოდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.