„ბიზნესს აქვს გამოწვევები, მათ შორისაა სამუშაო ძალისა და სპეციალისტების დეფიციტი“ - კობახიძე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბიზნესს აქვს სხვადასხვა ტიპის გამოწვევა, მათ შორის არის სამუშაო ძალისა და სპეციალისტების დეფიციტი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სასტუმრო „პარაგრაფში“ განუცხადა, სადაც ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია მიმდინარეობს.

კობახიძემ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ ყველა გამოწვევა დაძლეული იყოს.

„რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები, წარმატებები, მაგრამ არის გამოწვევებიც. ყველაფერთან დაკავშირებით უნდა გვქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია. ამის მზაობა კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და, რა თქმა უნდა, ამის შესახებ გავაგრძელებთ მუშაობას ბიზნესთან ერთად.

ბიზნესს აქვს სხვადასხვა ტიპის გამოწვევები, მათ შორის არის სამუშო ძალის, სპეციალისტების დეფიციტი, ამაზე ყურადღება ბატონმა სოსომ თავის პრეზენტაციაშიც გაამახვილა. მე მქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა დავძლიოთ გამოწვევები, რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ეს არის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რომლითაც სარგებლობს ბიზნესი საჯარო სტრუქტურებისგან. განათლების სფეროში გვჭირდება ცვლილებები იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას სამუშაო ძალით და ა.შ. ეს არის კონკრეტული გამოწვევები. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ყველა გამოწვევა იყოს დაძლეული და მაქსიმალურად კარგი გარემო შევუქმნათ ბიზნესს.

ყველა კუთხით იქნება უზრუნველყოფილი მთავრობის მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერა იმისათვის, რომ ბიზნესმა გააგრძელოს ადამიანების დასაქმება, ეკონომიკის განვითარება. ბიზნესს ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.