არ არის ბოლომდე კომუნიკაბელური, არის ძალიან სუსტად, გაბრუებულია - გვარამია სააკაშვილზე

პუბლიკა

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტადაა, არაა ბოლომდე კომუნიკაბელური და დღეს მისი განცხადება არ იქნება. ამ თემაზე მან ცოტა ხნის წინ რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანი განცხადებები ამ წუთში შეუძლებელია, რომ გაკეთდეს იმიტომ, რომ არ არის ბოლომდე კომუნიკაბელური სააკაშვილი, არის ძალიან სუსტად, გაბრუებულია. შესაბამისად ვერ ვისარგებლებთ ამ მდგომარეობით და მის მაგივრად განცხადებებს ვერ გავაკეთებთ. ხვალ იქნება განცხადებები. არის სუსტად, როგორც იყო, ჩამოჰყავთ, 2 ადამიანს იქით-აქედან და აჰყავთ, ეს კიდევ ახალი დაბრკოლებაა რომელიც გვაქვს, რომ ახლა უკვე უნდა შევხვდეთ ხოლმე მას და ის ჩამოსაყვანი და ასაყვანი ყოველ ჯერზე, რაც ძალიან მძიმე ამბავია ჩემი აზრით”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, გადაყვანისას სააკაშვილი ჩასვეს ეტლში და მას წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა.

„მიაკითხეს ეტლით და ჩასვეს ეტლში, წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. ჯერ ერთი იყო გაბრულებული, როგორც ჩანს საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და ჰქონდა მაღალი წნევა, როგორც წინა ჯერზე, მითხრა, რომ მივხვდი, რომ აღელვების მდგომარეობაში შეიძლებოდა უარესი დამმართნოდაო, ამიტომ არ გაუწევია მას წინააღმდეგობა, ზემოქმედება არ ყოფილა”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ადასტურებს, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან“ გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში“, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.


საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გადაყვანის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ  სოციალურ ქსელში ღამის 2 საათზე დაპოსტა. მალევე გავრცელდა კადრებიც, თუ როგორ შედიოდა სპეციალური კოლონა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.