რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა საზოგადოებრივი მაუწყებელთან საუბარში აღნიშნა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევები ძალიან არ არის გავრცელებული. მისი თქმით, covid-19-ის შემთხვევები შედარებით ლოკალურად, ერთ სოფელში არის თავმოყრილილი უფრო მეტად.
„ვნახოთ დღევანდელი ტესტირება რას აჩვენებს. ტესტირების არეალი ფართოდ გაიშალა. ერთი ჯგუფი წასულია უშგულში და ხეობის დასაწყისში იდლიანი, ჭუბერი, ხაიში, მუშაობს კიდევ რამდენიმე ჯგუფი და ასე ნელ-ნელა დაიწყება ორივე მხრიდან ამ სოფლების სრულად მოცვა და რამდენიმე დღეში გვეცოდინება სრული სურათი“, – აღნიშნავს სუბარი.
პირველი არხი წერს, რომ სოზარ სუბარის განცხადებით გუშინ 900-ზე მეტი ტესტი აიღეს, რომელთა პასუხები დღეს, დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი. სუბარის განცხადებით, ახალი შემთხვევების ჩათვლით, ჯამში 30-ს მიაღწია მესტიის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულთა რაოდენობამ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, 14 ახალი შემთხვევიდან 12-ის წყარო სოფელი ლენჯერია.
მესტიაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე უწყებათაშორისმა საბჭომ მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებითი შეზღუდვების გადაწყვეტილება 10 აგვისტოს მიიღო.