ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მან გუშინ ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანების მიერ გამართული აქციის შესახებ განაცხადა, რომ არ არის აუცილებელი დემონტრაციების გზით ამ მოთხოვნების დაყენება.
„ტურიზმის გადასარჩენად“ – ამ სახელწოდებით, ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმა გუშინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები გაბრიაძის მარიონეტების თეატრთან შეიკრიბნენ და სახელმწიფო კანცელარიისკენ მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ტურისტული ინდუსტრიის ასამუშავებლად და გაიხსნას საზღვრები, ე.წ. მწვანე ქვეყნებისთვის.
„ყველა ძალიან კარგად ვხედავთ და ვიზიარებთ, რომ ტურისტული ინდუსტრია ყველაზე მეტად დაზარალდა, ამიტომ ყველა ჩვენი პროგრამისა და გადაწყვეტილების სათავესა და მოტივაციაში დევს აუცილებლად ტურიზმის დახმარება. ეს ის დარგი იყო, რომელსაც ერთ-ერთ პირველს დავეხმარეთ და მე გეუბნებით, რომ ვფიქრობთ, კიდევ როგორ დავეხმაროთ შემდგომში, რადგან ეს პრობლემა ერთი დღით არ შემოიფარგლება.
ჩემი აზრით, არ არის საჭირო დემონსტრაციების გზით მოითხოვო რომელიმე ჩემს კოლეგასთან ან პრემიერთან შეხვედრა. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა. ამ ორიოდე დღის წინ, მაგალითად, შედგა წარმომადგენლობითი შეხვედრა ჩემი მონაწილეობით, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მონაწილეობით ტურიზმის დარგთან. ბევრი სასტუმრო მონაწილეობდა, ტუროპერატორები, ასოციაციები. ძალიან მშვიდ გარემოში განვიხილეთ ყველა საკითხი, ყველა რისკი და სიკეთე. ყველანი ვთანხმდებით იმაში, რომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ტურისტული სექტორი ძალიან საღად აფასებს და ხედავს ამ რისკს და ნამდვილად არ უნდა, ამ რისკში შევიდეთ გაუფრთხილებელი გადაწყვეტილების გამო“, – ამბობს ნათია თურნავა.