„ვითხოვთ, ტურიზმის ინდუსტრიის ამუშავებას“ - ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

პუბლიკა

„ტურიზმის გადასარჩენად“ – ამ სახელწოდებით ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმა დღეს აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები გაბრიაძის მარიონეტების თეატრთან შეიკრიბნენ და სახელმწიფო კანცელარიისკენ მსვლელობით გაემართნენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ტურისტული ინდუსტრიის ასამუშავებლად. მათი თქმით, უნდა გაიხსნას საზღვრები, ე.წ. მწვანე ქვეყნებისთვის.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ ვითხოვთ საზღვრების გახსნას უპირობოდ ყველა ქვეყანასთან“, -აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ალექსანდრე გიორგიძე, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და გიდების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელია. მისი თქმით, საჭიროა აღდგეს ფრენები ქვეყნებთან და ქვეყანაში ჩამოვიდეს ტურისტი, თუმცა ის აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, საზღვარზე მიღებული იყოს მკაცრი შემოწმების ზომები, ისევე, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება.

„ჩვენ გვაქვს ბევრი ქვეყნის მაგალითი, რომლებმაც ეს ყველაფერი გაიარეს, გააკეთეს. ჩვენც გვინდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა, თუნდაც მცირე მასშტაბით, ეს ბიზნესი უნდა გადარჩეს. ხელოვნურ სუნთქვასავით არის, თუ არა და, ამ შემთხვევაში, ჩვენ არანაირი პერსპექტივა არ გვაქვს. საუბარია ათეულ ათასობით ადამიანზე, რომლებიც ამ სექტორში არის დასაქმებული“, – განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.

ალექსანდრე გიორგიძე აცხადებს, რომ ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანები თითქმის 6 თვეა შემოსავლის გარეშე არიან.

„მკითხველისთვის მინდა განვმარტო, სანამ ჩვენთან გამოცხადდებოდა საგანგებო მდგომარეობა, ტურისტული ბიზნესი მანამდე გაჩერდა. ჯერ კიდევ თებერვალში, სანამ ჩვენთან პირველი Covid-ინფიცირებული დაფიქსირდებოდა, მანამდე გაგვიუქმდა ტურები. ფაქტობრივად იანვრის შემდეგ, ნახევარი წელია, ჩვენ უმუშევარი ვართ. ჩვენი შემოსავალი არის ნული“, – თქვა ალექსანდრე გიორგიძემ „პუბლიკასთან“.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიდი, მარიამ ქალებაშვილი აცხადებს, რომ შემოდგომის შემდეგ ის ყოველგვარი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი და აღნიშნავს, რომ ჯერ კომპენსაციაც არ მიუღია.

„ 6 წელია ვმუშაობ გიდად და ფაქტობრივად შემოდგომის ბოლოდან უმუშევარი ვარ. ასევე, არ მიმიღია კომპენსაცია. მინდა, სახელმწიფომ ყველა ღონე იხმაროს, იმისთვის, რომ საჰაერო სივრცე გაიხსნას. ვიცით, რომ 5 სახელმწიფოა, რომელთაც გაუმარტივდათ საქართველოში შემოსვლა. ეს არის გერმანია, საფრანგეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, გარდა ამისა, არიან სხვა სახელმწიფოებიც, საიდანაც ტურისტებს უნდა გაუმარტივდეთ შემოსვლა“, – თქვა მარიამ ქალებაშვილმა.


მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველომ საზღვარი გაუხსნა 5 ქვეყანას, ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

ამ ქვეყნებიდან ჩამოსულმა პირებმა საზღვარზე უნდა შეავსონ ანკეტა, რომელშიც შეიტანენ ინფორმაციას საქართველოში ჩამოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის შესახებ ისტორიას და თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ჩაუტარდებათ pcr-ტესტი.