არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაამტკიცებდა მის დანაშაულს – საძაგლიშვილი რურუას განაჩენზე

პუბლიკა

„რა კანონიერებაზე ვსაუბრობთ, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობდა არც ერთ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც დაამტკიცებდა მის დანაშაულს, პირიქით, ადასტურებდა პოლიციელებისა და პროკურორების დანაშაულს. შესაბამისად, არანაირი სამართალი, კანონიერება, მოსამართლე – ამ ტერმინების გამოყენება რელევანტური არ არის ამ საქმესთან მიმართებით”, – ასე აფასებს გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, პირველი ინსტანციის განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„სამწუხაროდ, საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არის პოლიტიკურ გავლენაზე დაქვემდებარებული ორგანო. რეალურად, ის არ არის დამოუკიდებელი ორგანო. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, სააპელაციო სასამართლოშიც იმ კატეგორიის მოსამართლეებთან მოხვდება, რომლებიც არიან მითითებებისა და პოლიტიკური დაკვეთის უსიტყვოდ შემსრულებელი პირები. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გავასაჩივრებთ”, – განაცხდა ადვოკატმა.

რურუას კიდევ ერთი ადვოკატის, ლევან სამუშიას თქმით, „რურუას საქმე არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ უნდა ამყოფო ადამიანი უკანონო პატიმრობაში”.

„ხომ გაგიგიათ სიმღერა „რაც მამას უნდა“?! რაც ამათ პოლიტიკურ მამას უნდა, იმას აკეთებენ. რაც მოუვიდა მესიჯად გადაწყვეტილების მიღება ესაა. ამის სამართლებრივად დასაბუთება წარმოუდგენელია. ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ უნდა ამყოფო ადამიანი უკანონო პატიმრობაში და მოვა დრო, ამ ყველაფერზე ყველა აგებს პასუხს და ეს იქნება მაგალითი, თუ როგორ გამოჰქონდათ საქართველოში უკანონო განაჩენი”, – აცხადებს სამუშია.


„მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.

გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

რურუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკური დევნის საფუძველზე მას იარაღი ჩაუდეს.