არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც შეიძლება შეიზღუდოს რწმენის თავისუფლება - მდინარაძე

მინდია გაბაძე

„არ არსებობს მდგომარეობა, რომლის ფარგლებშიც შეიძლება შეიზღუდოს რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება“, – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ამის გათვალისწინებით ის იმედს გამოთქვამს, რომ საპატრიარქო ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე, ამის ლეგიტიმური საშუალება გააჩნია ნებისმიერ სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში,  როდესაც აცხადებს საგანგებო მდგომარეობას.  ამ მდგომარეობის გამოცხადების გარეშე  მსგავსი შეზღუდვა, ისევე როგორც ნებისმიერი კონსტიტუციური უფლებამოსილების შეზღუდვა კონკრეტული პირისათვის, არის დაუშვებელი. ცალკეა რწმენის თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც ვერცერთ შემთხვევაში ვერ იზღუდება ვერცერთ ქვეყანაში.  ანუ არ არსებობს მდგომარეობა, რომლის ფარგლებშიც შეიძლება შეიზღუდოს რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება. არცერთ ქვეყანაში, რომელიც საერთაშორისო კონვენციებს უერთდება, განვითარებულ ქვეყნებში, რწმენის და აღმსარებლობის შეზღუდვის პრეცედენტი არ არსებობს, თუნდაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში.  ამიტომ აქ ყველაფერი ნათელია.

რაც შეეხება საპატრიარქოს, მე დარწმუნებული ვარ, ისინი, როგორც ძალიან ხშირად, მიიღებენ ბრძნულ გადაწყვეტილებას. გაითვალისწინებენ მაქსიმალურად ჯანდაცვის წარმომადგენლებისა და სპეციალისტების რეკომენდაციებს და ამ შემთხვევაშიც მიიღებენ ბრძნულ გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მდინარაძემ.

„ათ კაცამდე შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს” – ასე უპასუხა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კითხვას – ეხება თუ არა შეკრებების შეზღუდვა ეკლესიას?.

თუმცა მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის დეკრეტში არ არის განსაზღვრული, 10 კაცის შეკრებაზეა საუბარი თუ 20-ის და ეს რიცხვი პრემიერმა მანიფესტაციებს და შეკრებებს დაუკავშირა და არა რელიგიურ რიტუალებს.