არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ფარცხალაძის ბრალეულობას დაადასტურებდა - ადვოკატი

პუბლიკა

ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ „არ არსებობს მტკიცებულება რომელიც ფარცხალაძის ბრალეულობას დაადასტურებდა“.

„თავად დაზარალებული განმარტავს, რომ იგი უცნობმა ადამიანებმა სცემეს და არა ოთარ ფარცხალაძემ. ერთ შემთხვევაში სასამართლომ ირიბი მტკიცებულება დაუდო  გამამტყუნებელ განაჩენს მიხეილ ჩოხელთან მიმართებაში. ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებაში ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება. ამიტომ, ერთ შემთხვევაში გამოვიდა გამამართლებელი განაჩენი ოთარ ფარცხალაძის მიმართ. სასამართლო მიმართული იყო ოთარის, სავარაუდოდ, გამტყუნების კუთხით, მაგრამ სხვა სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა“, – ამბობს გაგი მოსიაშვილი.


დღეს აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სასამართლომ გაამართლა, მეორე ბრალდებული, მიხეილ ჩოხელი კი დამნაშავედ ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ინციდენტი 2017 წლის 13 მაისს ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. მაშინდელ მთავარ აუდიტორს, ლაშა თორდიას თავს დაესხნენ და სცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა შემთხვევის კადრები, რომელშიც იდენტიფიცირებულია ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მიხეილ ჩოხელი. ლაშა თორდია ინციდენტს თავის საქმიანობას უკავშირებდა.