ლაშა თორდიას ცემის საქმეზე სასამართლომ ოთარ ფარცხალაძე გაამართლა

პუბლიკა

აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სასამართლომ გაამართლა, მეორე ბრალდებული, მიხეილ ჩოხელი კი დამნაშავედ ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ინფორმაცია „პუბლიკას“ საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

„ეს გადაწყვეტილება არ ასახავს იმ რეალობას, რაც არის სისხლის სამართლის საქმის მასალებში. ამ გადაწყვეტილებით ბატონი მიხეილ ჩოხელი ცნობილ იქნა დამნაშავედ, ხოლო ბატონი ფარცხალაძე გამართლდა.

არც ერთი მტკიცებულება, რეალურად წონადი, როგორც აფასებს მას კანონმდებლობა, არ იყო არც ფარცხალაძის, არც ჩოხელის მიმართ.

ე.წ დაზარალებული ბატონი ლაშა აშკარად ტყუის, ბევრ რამეში ტყუის“, – განაცხადა მიხეილ ჩოხელის ადვოკატმა TV პირველთან საუბარში.

ლაშა თორდიას უფლებადამცველი ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სისტემის არაობიექტურობაზე მიანიშნებს.

„ეს არ იყო უბრალოდ ცემა და უბრალოდ ორ ფიზიკურ პირს შორის დაპირისპირება. ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა სცემა და იძალადა მოქმედ გენერალურ აუდიტროზე. ვითხოვდით მუხლის გადაკვალიფიცირებას, მაგრამ ჩვენი არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა პროკურატურამ.

საიდუმლო ვითარებაში მოხდა 1 დღეში ბრალის წარდგენაც და აღკვეთი ღონისძიების საკითხის შერჩევაც, აქედან გამომდიანარე, სისხლის სამართლის მასალებში თავად აღიარებდა ფარცხალაძე, რომ დაარტყა ლაშა თორდიას. ჩვენთვის გაურკვეველია, რატომ მიიღო სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ქობესაშვილმა.

ინციდენტი 2017 წლის 13 მაისს, ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. მაშინდელ მთავარ აუდიტორს, ლაშა თორდიას თავს დაესხნენ და სცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა შემთხვევის კადრები, რომელშიც იდენტიფიცირებულია ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მიხეილ ჩოხელი. ლაშა თორდია ინციდენტს თავის საქმიანობას უკავშირებდა.