არ არსებობს საკითხთა წრე, რომელზეც შეიძლება ზურაბიშვილმა ალიევთან ისაუბროს - ვოლსკი

პუბლიკა

„საკითხების წრე არ არსებობს, რომელზეც შეიძლება, სალომე ზურაბიშვილმა, თუნდაც, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ისაუბროს, საქმეების, საკითხების, შეთანხმების თემა წამოწიოს, როდესაც მისთვის ეს კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული – თავშეკავება მართებს პრეზიდენტს ასეთ შემთხვევაში“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სწორი კითხვაა: „იმის გამო ხომ არ ისჯება სალომე ზურაბიშვილი, რომ თავის საკონსტიტუციო უფლებებს გადააჭარბა“, რადგან მისი განმარტებით, პრეზიდენტმა უფლებამოსილებას ბევრჯერ გადააჭარბა.

„ჩვენი კონსტიტუციით სახელმწიფოს მეთაური პრემიერ-მინისტრია და აზერბაიჯანის კონსტიტუციით – პრეზიდენტი. ჩადიან გერმანიაშიც სახელმწიფოს ხელმძღვანელები და ხვდებიან კანცლერს, არ ხვდებიან შტაინმაიერს, პრეზიდენტს, და ამაზე არ ტყდება ამბავი. იმიტომ, რომ თემებია ისეთი, რომლებიც პირდაპირ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში არ არის გათვალისწინებული და საკმაოდ კარგად იცის ეს პრეზიდენტმა.

არ არის აუცილებლობა პროტოკოლში გათვალისწინებული – სტუმრები ჩამოდიან, რომელი კონფესიისაც არ უნდა იყვნენ, პატრიარქსაც ხვდებიან, მაგრამ ამის შესაძლებლობა ამ ჯერზე არ იყო და მე არ მგონია, რომ გერმანიის პრეზიდენტი გამოვიდეს და როდესაც სახელმწიფოში ვიზიტია, რომელიმე ქვეყნის მეთაურის, მასთან არ შეხვედრის გამო დიდი ემოცია გამოხატოს. ბევრი საკითხებია ისეთი, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უადგილო პრეტენზია გამოაცხადა“,- განაცხადა ვოლსკიმ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი  სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა.

„საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება.

საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს“,- ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile