საქართველოს ეკლესია უარს ამბობს, წესი აუგოს ავარიაში დაღუპულ ახალგაზრდას, რომელიც „ბიბლიური თავისუფლების“ წევრი იყო. ამის შესახებ პირველად ინფორმაცია პოლიტიკურმა გაერთიანება „გირჩმა“ გაავრცელა.
„პუბლიკა“ საპატრიარქოს დაუკაშირდა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ კატეგორიულ უარს ამბობენ წესის აგებაზე.
ამ შემთხვევას სოციალურ ქსელში მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე ეხმაურება. ის წერს, რომ საეკლესიო დისციპლინაში ცნობილია რიგი ქმედებებისა, რომლებიც იწვევს ქრისტიანის ეკლესიიდან ავტომატურ განკვეთას (ექსორიას, ექსკომუნიკაციას). ასეთია მაგალითად, გააზრებული თვითმკვლელობა, სხვა რელიგიის მიღება და ა.შ.
მისი თქმით, სხვა შემთხვევებში კონკრეტული სუბიექტის განკვეთისათვის საჭიროა ეპისკოპოსის ან ეპისკოპოსთა კრების მხრიდან საჯაროდ განცხადებული გადაწყვეტილება.
გარდა ამისა, როგორც მღვდელ-მონაზონი ამბობს, არსებობს ცალკეული შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის საეკლესიო კრებული, ეკლესიიდან ავტომატურად განკვეთილად აცხადებს რომელიმე ორგანიზაციის წევრობის მიღებასაც (მაგ. ფაშისტური ორგანიზაციები, ექსტრემისტული დაჯგუფებები და ა.შ.), ასეთ შემთხვევაში კი საჭიროა უმაღლესი საეკლესიო ორგანოს (სინოდის, კრების) მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტი.
„შესაბამისად:
1. რამდენადაც გირჩის „ეკლესია“ არ არის რელიგიური მოძღვრების გამავრცელებელი ორგანო, არამედ პოლიტიკური, ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომატური განკვეთა არ მუშაობს – „გირჩს“ მიმართავენ ახალგაზრდები არა რელიგიური მოტივებით, არამედ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობაში არსებული ლაფსუსით სარგებლობისთვის.
2. რამდენადაც ცნობილია, ტრაგიკულად გარდაცვლილმა ახალგაზრდამ დაუბრუნა „გირჩს“ მათ მიერ გაცემული დოკუმენტი და ის არც ერთ ეპისკოპოსს და კრებას ეკლესიის ერთობისაგან არ განუყენებია.
3. საქართველოს ეკლესიას, მის წმინდა სინოდს, კრებისთად არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება და არ გამოუცხადებია გირჩის „კლესიის“ წევრობა ექსკომუნიკაციის წინაპირობად,“ – წერს მღვდელ-მონაზონი.ის აღნიშნავს, რომ ამ მოცემულობით, არ არსებობს არანაირი უარის მიზეზი მიცვალებულისათვის ბოლო ქრისტიანული პატივის მიგებაზე.
„ღმერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ უნდა ავუგოთ თუ არა წესი მღვდელს იმ პირობებში, როდესაც ის, ითვისებს საეკლესიო კრების ფუნქციებს და ავტომატური ექსკომუნიკაციის მიზეზად თვითნებურად აცხადებს არარელიგიური ორგანიზაციის წევრობას?“ – წერს ლეონიდე ებრალიძე.