„ბიბლიური თავისუფლების“ დაღუპული წევრის წესის აგებაზე ეკლესია უარს ამბობს

პუბლიკა

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ინფორმაციით, წინა კვირის სამშაბათს ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე.

„ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. სასულიერო პირების თქმით, ადამიანებს, ვისაც „ბიბლიური თავისუფლების“ მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან აკრძალული აქვთ წესის აგება. ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურთ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა.

ოჯახმა დაკრძალვა იმის იმედით გადადო, რომ გამოჩნდებოდა სასულიერო პირი, რომელიც წესს აუგებდა გარდაცვლილს. ამ შემთხვევის გამო, კვირას “ბიბლიურმა თავისუფლებამ“ გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურად. აღნიშნული ცნობის შესახებ, ოჯახმა შეატყობინა, როგორც სასულიერო პირებს, ასევე საპატრიარქოს და კიდევ ერთხელ ითხოვა წესის აგება, თუმცა კვლავ უარი მიიღო მათგან. გარდაცვლილი ოჯახს შაბათს უნდა დაეკრძალა, თუმცა დღემდე დაუკრძალავი რჩება და ოჯახი კვლავ ეძებს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც წესს აუგებს გარდაცვლილს,” – ამბობენ გირჩში.

ისინი მიმართავენ, მართლმადიდებელ სასულიერო პირებს გამოეხმაურონ, რათა გარდაცვლილის ოჯახს დააკავშირონ.

„პუბლიკა“ ესაუბრა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას.  შეკითხვაზე, რატომ ეუბნება ეკლესია ოჯახს უარს გარდაცვლილის წესის აგებაზე, მიტროპოლიტმა გვიპასუხა: „გირჩს ანგარიში უნდა ვაბარო? ჩვენი საქმის ჩვენ ვიცით“.

საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მღვდელმა მიქაელ ბრეგვაძემ „პუბლიკას“ დაუდასტურა, რომ საპატრიარქომ იცის ამ შემთხვევის შესახებ და კატეგორიული უარია წესის აგებაზე, ვინაიდან დაღუპული „ბიბლიური თავისუფლების“ წევრი იყო.

LB loan image desktop LB loan image mobile