არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას - პრემიერი

პუბლიკა

არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მინდა, ცალსახად ვთქვა, მე როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მინდა, რომ ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება…

ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები და არა ვაიძულოთ. დავარწმუნოთ, რომ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი”, – განაცხადა მან.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომხრე იქნებოდა აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიებების.

„სოფლებში რომ დავდივართ გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იგივეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთის მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორეს მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად და რაღაც ეტაპის შემდეგ შემოაქვს ეს მექანიზმი. მოსახლეობის 35-37 %-ზე შეიძლება ავიდეთ ნებაყოფლობითი ვაქცინაციით, მაგრამ შემდგომი გაზრდა უკვე რთული იქნება თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება”, – განაცხადა მან.