ვფიქრობ, სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი ნოემბერში უნდა გადაწყდეს - გამყრელიძე

პუბლიკა

ვფიქრობ, რომ სავალდებულო აცრების საკითხი ნოემბერში უნდა გადაწყდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მომხრე ვიქნებოდი აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიებების. სოფლებში რომ დავდივართ გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იგივეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთის მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორეს მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად და რაღაც ეტაპის შემდეგ შემოაქვს ეს მექანიზმი. მოსახლეობის 35-37 %-ზე შეიძლება ავიდეთ ნებაყოფლობითი ვაქცინაციით, მაგრამ შემდგომი გაზრდა უკვე რთული იქნება თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება.

რატომ არ გადავდგით ეს ნაბიჯი აქამდე? ყველაფერს თავის დრო და ფაზები აქვს განვითარების. მოგეხსენებათ, სავალდებულო აცრა რთულად გადასაწყვეტი საკითხია და ძირითადად აცრების დიდ კამპანიებში ეყრდნობა პირველ ეტაპზე აქტიურ კომუნიკაციას და ნებაყოფლობითობას, მაგრამ რაღაც ეტაპზე ყველა ქვეყანას მოუწია ამ სავალდებულობის პირდაპირი თუ ირიბი მექანიზმების შემოტანა. ზოგისთვის ეს იყო მაშინ, როცა მიაღწიეს მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაციას, დასავლეთის ქვეყნებში როცა მიაღწიეს 50-55 %, ჩვენთან კი როგორც ჩანს ეს ზღვარი არის 35-37 % ფარგლებში. ნებაყოფლობითობით მოსახლეობის ამაზე დიდი ნაწილის აცრა გაგვიჭირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი კომენტარის წერილობით ვერსიას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

LB loan image desktop LB loan image mobile