არ დავუშვებთ რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს - შსს

პუბლიკა

„შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს“, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი თქმით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შსს მკაცრს რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევაზე.

„უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ცოტა ხნის წინ პოლიციასა და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებს შორის სოფელ გუმათთან შეხლა-შემოხლა იყო. აქციის მონაწილეებს სურდათ, რომ სოფელ ნამოხვანში წასულიყვნენ და აქცია იქ გაემართათ. პოლიციამ კი მათ ამის საშუალება არ მისცა.