გამოქვეყნდა ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ერთობლივი რეზოლუციის პროექტი „საქართველოში უცხოეთის აგენტის კანონის აღდგენის მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“.
შეჯერებულ პროექტში, რომელსაც ევროპარლამენტში კენჭს ხვალ, 25 აპრილს უყრიან, ხაზგასმულია, რომ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია.
რეზოლუციის ავტორები არიან დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფებიდან: EPP – ევროპული სახალხო პარტია; სოციალ-დემოკრატები; გალახლებული ევროპა; Verts/AL; ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი. თავდაპირველად დარეგისტრირებული იყო ამ ჯგუფების მიერ სათითაოდ მომზადებული პროექტები, შემდეგ კი ისინი ერთობლივ ტექსტზე შეჯერდნენ.
მასში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი:
- კატეგორიულად გმობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კონტროვერსიული კანონის ხელახლა ინიციირებას. კანონი დააწესებს დამამცირებელ შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოევბასა და დამოუკიდებელ მედიაზე და ამასთან, ძირს გამოუთხრის მათი თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას. ამ კანონს უკვე მოჰყვა პროტესტი სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო საზოაგდოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის, საზოგადო მოხელეების და ქვეყნის ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
- ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ამბიციებს, ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;
- ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია;
- შესაბამისად, დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეაჩეროს საპარლამენტო პროცედურები, რომელიც ამ კანონის მისაღებად ხორციელდება. დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ვალდებულებებს, რომელიც მან 2023 წლის მარტში აიღო, როცა გააკეთა განცხადება, რომ უპირობოდ გაიწვევდა კანონპროექტს, რომელიც შეზღუდვებს უწესებს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას და თქვა, რომ მსგავს კანონს აღარ დააინიციირებდა. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს შემდგომი საკანონმდებლო წინადადებებისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს;
- ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში, გააგრძელოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმები, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და დაადგეს ევროკავშირში გაწევრების გზაზე;
- ხაზს უსვამს, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური თავისუფლება და დაცული უნდა იყოს ნებისმიერ ვითარებაში, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრება;
- მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და შესაბამისად, გამოთქვამს შეშფოთებას სპეცრაზმის მიერ კონტრავერსიული კანონპროექტის წინააღმდეგ დემონსტრანტების დასაშლელად სპეცრაზმის არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ცნობების გამო; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც პასუხისმგებელია ძალის უკანონო და არაპროპორციულ გამოყენებაზე;
- ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი დამკვირვებლის როლი, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია, არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებული რეფორმების წინსვლისთვის და, შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ხელსაყრელი გარემო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელს მედიას შეუძლია, განვითარდეს.
- გმობს, რომ საქართველოს ხელოსუფლება ინსპირაციას ანალოგიური რუსული კანონმდებლობიდან იღებს, როგორიცაა „რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონი”, რომელიც მიზანმიმართულად აკრავს იარლიყს და ახდენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და აქტივისტების დისკრიმინაციას და ასევე, გამოიყენება უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგობის ჩასახშობად და ქვეყანაში შემორჩენილი კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად.
- იხსენებს, რომ 2023 წლის 14 და 15 დეკემბრის ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმის გაგებით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში; ხაზს უსვამს, რომ ეს რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს, სამოქალაქო საზოგადოებას შეეძლოს თავისუფლად მოქმედება და ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ და რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არღვევს ორივე მიზანს;
- შეახსენებს საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადისას აღებული ვალდებულებების შესახებ და მოუწოდებს, იგივე გააკეთონ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა და კომისარმა გაფართოების საკითხებში;
- იწვევს კომისიას, წარადგინოს საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან დაკავშირებით;
- მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, შეაფასონ ამ კანონპროექტის გავლენა ევროკავშირის, როგორც დონორის როლზე საქართველოში და მკაფიოდ განუმარტონ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს კანონპროექტის შესაძლო შედეგები ევროკავშირის დაფინანსებაზე.
- მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, შეინარჩუნოს ვალდებულება, პატისი სცეს, გააძლიეროს და ხელი შეუწყოს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და რეალურად უზრუნველყოს კანდიდატის სტატუსისა და ევროკავშირში გაწევრების პირობების სრულად განხორციელება;
- იმეორებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისადმი და მისი სურვილისადმი, იცხოვროს აყვავებულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, უზრუნველყოფს ღია საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას; ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოტივირებული იყო სამოქალაქო საზოგადოების მიღწევებისა და დემოკრატიული ძალისხმევის, ასევე ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მოქალაქეების აბსოლუტური მხარდაჭერის აღიარების სურვილით;
- მოუწოდებს, უზრუნველყოფილ იქნას ეუთო/ოდირის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, გრძელვადიანი საერთაშორისო მისია 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად;