„არ გახვიდეთ საცხოვრებელი ადგილებიდან" - საქართველოს საელჩო ისრაელში, ლოდში მცხოვრებლებს აფრთხილებს

პუბლიკა
საქართველოს საელჩო ისრაელში ქალაქ ლოდში მცხოვრებლებს აფრთხილებს:
„ქალაქ ლოდში მაცხოვრებელთა საყურადღებოდ ‼️‼️‼️
არ გახვიდეთ საცხოვრებელი ადგილებიდან. თუ გასული ხართ ქალაქიდან – დროებით, თავი შეიკავეთ დაბრუნებისგან. ამ წუთებში არის შეტაკება პოლიციასა და მოსახლეობის ნაწილს შორის”, – წერს ფეისბუქის გვერდზე საელჩო.

მას შემდეგ, რაც ისრაელსა და პალესტინელთა დაჯგუფებებს შორის კონფლიქტი კიდევ ერთხელ გამწვავდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავდაცვის მინისტრსა და შეიარაღებული ძალების სარდლობასთან საგანგებო შეხვედრას მართავს.

კონფლიქტს წინ უძღოდა იერუსალიმში ალ-აქსის მეჩეთთან ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ მოქალაქეებს შორის პალესტინელთა შესაძლო გამოსახლების გამო დაწყებული რამდენიმედღიანი დაპირისპირება, რის შემდეგაც ათეულობით ადამიანი დააკავეს.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ამ დაპირისპების საპასუხოდ წუხელ სარაკეტო იერიში დაიწყო ისრაელის მიმართულებით და მოუწოდა ისრაელს, რომ დატოვონ ალ-აქსის მეჩეთის მიმდებარე ტერიტორია.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა ისროლა, თუმცა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“, მათი 90%-ზე მეტის დაჭერა შეძლო. რაკეტების ნაწილი ჩამოვარდა ქალაქ აშკელონში, სადაც დაშავდნენ მოქალაქეები, ზოგი მძიმედაც. ისრაელის ნაწილში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

„ჰამასის“ მხრიდან სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადის“ 130-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს. იერიში მიიტანეს „ჰამასის“ უსაფრთხოების სამსახურის შტაბსა და ერთ-ერთ საველე მეთაურზე, გაანადგურეს ორი საოპერაციო გვირაბი, საიდანაც პალესტინელი მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე უნდა მოხვედრილიყვნენ.

ისრაელმა საპასუხო შეტევა როგორც ავიაციის, ისე არტილერიის, მძიმე ტექნიკისა და ფლოტის გამოყენებით მიიტანა. დაწყებულია ისრაელის სამხრეთ რეგიონებში სამხედროთა მობილიზაცია.