„არ გამოვა ჩვენი შეშინება“ - ნიკა გვარამია სუს-ის განცხადებაზე

პუბლიკა

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„► თარგმანი სწორია. ის, რომ აზერბაიჯანელი ჩვენი თანამოქალაქეები აკაჩავეთ და რაც გინდოდათ, ის ათქმევინეთ, თქვენს დანაშულზე და ამ საქმის ერთის მხრივ ჩაფარცხვის და მეორეს მხრივ მთავარი არხის დისკრედიტაციკისთვის მოქმედებაზე მეტყველებს მხოლოდ;

► გაუგებარია, მოსახლეობაში პანიკას რითი ვთესავდით, რომ დაბალია სინამდვილეში სტატისტიკა და ამათ პირიქით, ხელოვნურად აწევა უნდათ? ეს პანიკის საფუძველია თუ პირიქით?

► გასაგებია რაც გეწვით, მაგრამ არ გამოვა არც ჩვენი შეშინება, არც ამ თემით შაქარაშვილის საქმის გადაფარვა. დაივიწყეთ, რიგითი სიუჟეტი იქნება, როგორი ავადმყოფი დებილები ხართ და რა მეთოდებით ებრძვით მედიას”, – წერს გვარამია.


როგორც სუსის განცხადებაშია ნათქვამი, საქმის გამოძიებით დადგინდა, რომ „შაბათის მთავარში“ გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მასობრივ მაყურებელს აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს. სუსი აცხადებს, რომ გამოიკითხნენ სიუჟეტის რესპონდენტები, დაკითხვების შედეგად კი უტყუარად დადასტურდა, რომ რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ იყო დამახინჯებული სიუჟეტის ავტორთა მიერ არასწორი თარგმანის მეშვეობით და დადგინდა, რომ ამ პირებისთვის არათუ თანხა არ შეუთავაზებია არავის მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების არარეალური მიზეზის დასახელების სანაცვლოდ, არამედ მათ, აღნიშნული ფაქტის შესახებ ზოგადი ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ.

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა განჩინება 2020 წლის 20 ივნისს, გადაცემა „შაბათის მთავარ“-ში გასული რეპორტაჟის – „ნაყიდი COVID 19“-ი და ასევე, 2020 წლის 25 ივნისს, 21:03 – 21:13 საათის პერიოდში გასული სიუჟეტის, სრული და უწყვეტი, დაუმონტაჟებელი მასალის გამოთხოვის თაობაზე, რომელიც დღეს ოფიციალურად ჩაბარდება აღსასრულებლად სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობას.