„დავსხდეთ მოლაპარკების მაგიდასთან" - ტიკარაძე კორონავირუსზე ოპოზიციის განცხადებებს ეხმაურება

პუბლიკა

„მინდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას და ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დღეს ჩართულია პოლიტიკურ პროცესში, ნუ შეუწყობენ ხელს იმ ვირუსის გავრცელებას, რომელსაც ებრძვის მთელი მსოფლიო“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სოციალური დისტანცია დღეს ყველაზე ეფექტურ იარაღად რჩება covid-19-თან ბრძოლაში და, მისივე თქმით, გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების დარღვევა დიდი რისკის მატარებელია მოქალაქეებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის.

„ნუ გამოვიყენებთ მათ [ექიმების] გმირობას, კეთილგანწყობას და ერის მიმართ სიყვარულს ბოროტად. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მზაობა და გონიერება, ისეთი, როგორიც გამოიჩინეს გაზაფხულზე.

ოპოზიციასთან მიმართებაში მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარკების მაგიდასთან. ეს არის მნიშვნელოვანი და ნებისმიერი მოლაპარაკება და შეთანხმება შესაძლებელია მოხდეს მსგავსი პროტესტის გამოხატვის გარეშეც, ბევრად უფრო ცივილურად და ეფექტურად.

არ გამოვიყენოთ ბოროტად ჩვენი ემოციები და პირადი ინტერესები და არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში, ეს არის დღესდღეობით ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


გუშინ, 6 ნოემბერს „გირჩმა“ გაავრცელა განცხადება, და მოუწოდა მთავრობას, „არ მიიღოს არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია დაანონსებულ შეზღუდვებთან და რაც შეიძლება აღქმული იყოს 8 ნოემბრის პოლიტიკური აქციის ორგანიზებაში ხელის შეშლად”.

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე კი აცხადებს, რომ ინფიცირებულთა მომატებული რიცხვებით ხელისუფლება ცდილობს, გაამართლოს შეზღუდვები, რომლის ამოცანაც, კაპანაძის თქმით, ისაა, რომ ხალხი საპროტესტო აქციებზე არ გამოვიდეს.