მოვუწოდებთ მთავრობას, არ მიიღოს ახალი შეზღუდვები, რაც ასევე შეიძლება აღქმული იყოს აქციის ორგანიზებაში ხელის შეშლად – „გირჩი"

პუბლიკა

„გირჩი“ მთავრობის მიერ დაანონსებული დამატებითი შეზღუდვების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„გაზაფხულიდან ვირუსთან ბრძოლა ხელისუფლების პოლიტიკურ იარაღად იქცა. თუ ადრე მოსახლეობაზე მზრუნველობის მოტივით ადამიანების დევნა, მმართველი პარტიის რეიტინგის ზრდას ემსახურებოდა, ახლა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით გამოიყენება.

შეზღუდვები ანადგურებს ეკონომიკას, ქმნის პოლიტიკური დაძაბულობისთვის ხელსაყრელ ფონს იმ პირობებში, რომ ვერანაირ პოზიტიურ გავლენას ინფექციის გავრცელებაზე ვერ ახდენს და ეპიდემიას უფრო საშიშადაც აქცევს. ასეთი მოდგომა არ აძლევს ადამიანს შესაძლებლობას გამიჯნოს, თუ რა არის ნამდვილი თავდაცვის საშუალება და რა არის პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილი.

მოვუწოდებთ და ვურჩევთ მთავრობას, არ მიიღოს არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია დაანონსებულ შეზღუდვებთან და რაც შეიძლება აღქმული იყოს 8 ნოემბრის პოლიტიკური აქციის ორგანიზებაში ხელის შეშლად.

პოლიტიკურ ოპოზიციას და ოპოზიციურ მედიას ვურჩევთ, გაემიჯნონ ვირუსთან შეზღუდვებით ბრძოლის სტრატეგიას და დაუჭირონ მხარი იძულებითი შეზღუდვების დაუყონებლივ გაუქმებას და ქვეყნის საზღვრების გახსნას.

მთავრობის მიერ შეზღუდვების არ მოხსნის და დაანონსებული ახალი შეზღუდევბის ამოქმედების შემთხვევაში, მოგიწოდებთ ყველას 8 ნოემბერს არა მხოლოდ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, არამედ მთავრობის „ანტივირუსული” ქმედებების წინააღმდეგაც გამოვიდეთ, რომლებმაც ამ უმძიმესს სიტუაციამდე მიგვიყვანა“, – ნათქვამია გირჩის განცხადებაში.