არ გამოვრიცხავ, რომ ამოქმედებისას გარკვეული ხარვეზები გამოვლინდეს - თურნავა „მწვანე სტატუსზე“

პუბლიკა

1 დეკემბრიდან რესტორნებს სტუმრების მიღება შეეძლებათ მხოლოდ „მწვანე სტატუსით. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა სასტუმროებთან და სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, რომ სისტემამ გამართულად იმუშაოს.

თურნავა არ გამორიცხავს, რომ საწყის ეტაპზე საოპერაციო დონეზე გარკვეული ხარვეზები გამოვლინდეს, სწორედ ამიტომ, ტექნიკური ჯგუფი, რომელიც აპლიკაციაზე მუშაობდა, მუდმივი კომუნიკაცია ექნება დაინტერესებულ მხარეებთან.

„ჩვენ პრემიერ-მინისტრის დავალებით გვქონდა მთელი რიგი შეხვედრები სარესტორნო ინდუსტრიასთან, სასტუმროებთან და არამარტო ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროს, ძალიან ბევრი ტექნიკური ნიუანსია, რომლებზეც ვმუშაობთ, მათ შორის ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, ეს არის სიმარტივე გამოყენების, ჩვენი მიზანი არის, რაც შეიძლება მარტივი იყოს გადამოწმება, ხდება ეს ჩვეულებრივად სმარტფონებით, ან კომპიუტერის მეშვეობით, ჩვენ კიდევ ვმუშაობთ რესტორნებთან, რომ უფრო მეტად ტექნიკურად გამართული იყოს, არ გამოვრიცხავ რომ როგორც კი ამოქმედდება ეს სისტემა გარკვეული ხარვეზები საოპერაციო დონეზე გამოვლინდეს. მაგრამ ამიტომაც გვექნება ჩვენ და ჯანდაცვის სამინისტროსაც (ვინც აპლიკაციაზე მუშაობდა იმ ჯგუფს) ყოველდღიური კომუნიკაცია, რომ გავამარტივოთ და აღმოვფხვრათ სხვადასხვა სირთულე თუ გაჩნდა, იმიტომ, რომ მოხმარებაში საკმაოდ მარტივი სისტემაა.

რაც შეეხება სანქციებს, დამატებითი სანქციები ამაზე არ წესდება, მაგრამ იმოქმედებს ის, რაც ზოგადად არის ქვეყანაში დაწესებული კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის, როგორც იურიდიულ პირებზე, ასე ფიზიკურ პირებზე“, – განმარტავს მინისტრი.

მინისტრის დარწმუნებულია, რომ სარესტორნო ინდუსტრია გაგებით მოეკიდება რეგულაციას, გახდება მათი მოკავშირე ახალი რეფორმის დანერგვის და შესრულების პროცესში.

„იცით, რომ ახალი წელი მოდის, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცა იქნება გასათვალისწინებელი, მაგრამ მანამდე საკმაოდ საკმარისი არის ის ლიბერალიზაცია, რაც გვინდა რომ დავუშვათ საათებთან დაკავშირებით, უნდა დავაკვირდეთ როგორ შესრულდება რეგულაციები…

იმისათვის, რომ ტურისტული ინდუსტრია და რესტორნები იქცნენ ჩვენს მოკავშირედ, რა თქმა უნდა, უნდა მიგვეღო დაბალანსებული გადაწყვეტილება, ასეთი დაბალანსებული გადაწყვეტილება არის ერთი მხრივ, რომ დავნერგოთ 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების“ რეგულაცია, ასევე შევამსუბუქოთ და მოვხსნათ საათობრივი რეგულაციები, ამიტომაც აღსრულება იქნება მაქსიმალურად მკაცრი. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რესტორნებიც მოწადინებული იქნებიან, რომ თვითონაც კეთილსინდისიერად აღასრულონ ეს რეგულაცია რადგანაც მთავრობამ გაითვალისწინა მათი პრობლემა, მათი წუხილიც“, – განაცხადა მინისტრმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან რესტორნების მუშაობაზე დაწესებული საათობრივი შეზღუდვა მოიხსნება.