არ გამოვრიცხავთ მომავალში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებასაც - თალაკვაძე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება მომავალში უფრო მკაცრი ზომების მიღებასაც არ გამორიცხავს, მათ შორის – საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას.

„არის სრული მზადყოფნა ჩვენი მხრიდან, რომ მივიღოთ დამატებითი ზომები, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს ზომები არის ეფექტიანი ზუსტად მაშინ, როდესაც ის საჭიროა და ჩვენი მიდგომაც ასეთია: მხოლოდ დასაბუთებული აბსოლუტური საჭიროების შემთხვევაში ხდება ამ ზომების მიღება. ასე რომ, მომავალში არ გამოვრიცხავთ, რომ საყოველთაო კარანტინის ან საყოველთაო თვითიზოლაციის ზომებიც იყოს მიღებული პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების მხრიდან, თუ ასეთი საჭიროება იქნება“,  – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ ეთერში.

თალაკვაძის თქმით, დღეს სახელმწიფო უკვე გატარებული ზომებით ეფექტიანად უმკლავდება ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, უზრუნველყოფილია სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ყველა ფუნქცია, მათ შორის, საკვების ძირითადი მარაგები. თუმცა, მომავალში საჭიროების შემთხვევაში ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება.

„ნახეთ უკვე, რომ შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სისტემა ჩაერთო ამ ძალისხმევაში. მნიშვნელოვანია და ამ კრიტიკულ სიტუაციაში გამოჩნდა ყველაზე კარგად, თუ რა შეუძლია ჩვენს ქვეყანას, თუ როგორი ხელისუფლება ჰყავს ჩვენს ქვეყანას და თუ როგორ მუშაობს თითოეული რგოლი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​