არ გვაქვს არანაირი ვალდებულება, ირაციონალური რეგულაციები დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში - კობახიძე

პუბლიკა

„მოგეხსენებათ, 19 აპრილის შეთანხმება დღეისათვის არის ანულირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება, რომ ირაციონალური რეგულაციები დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.

უმრავლესობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარის და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

„არსებული წესი იყო აბსოლუტურად ირაციონალური და უპრეცედენტო. მსოფლიოში ვერ მეტყვით ვერცერთ ქვეყანას, სადაც ანალოგიური წესი შეიძლება იყოს დადგენილი, არ არსებობს უბრალოდ ასეთი ქვეყანა. ეს წესი დადგინდა ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. ეს იყო ოპოზიციის, NGO-ების მოთხოვნა და ეს იყო უპრეცედენტო, ირაციონალური წესი, რომელიც საარჩევნო კოდექსში სწორედ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე შევიტანეთ.

თუმცა, დღეისათვის მოგეხსენებათ, 19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება, რომ ირაციონალური რეგულაციები დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში.

შესაბამისად, დადგინდება რაციონალური, სწორი რეგულაცია, რომელიც თავიდან ბოლომდე შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, ეს არის ამ ცვლილების ერთადერთი მიზანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტი პროექტს ვეტოს დაადებს, „რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ”.