ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება - ინიციატივა

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობას ცესკოს თავმჯდომარის და წევრების კანდიდატების შერჩევის წესის ცვლილების ინიციატივა აქვს.

მომზადებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ის იქნება უფლებამოსილი, გამოცხადდეს კონკურსი და დაკომპლექტდეს საკონკურსო კომისია, რომელშიც პრეზიდენტის 1 წარმომადგენელიც შევა.

ასევე შეიცვლება კანდიდატთა მხარდაჭერისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა და მათ ასარჩევად სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 ხმა) საკმარისი იქნება. ამ შემთხვევაში ისინი 5 წლის ვადით დაიკავებენ თანამდებობას.

ასევე, გათვალისწინებულია, რომ თუ პარლამენტის თავმჯდომარის კონკურსით ცესკოს წევრობის ყველა ვაკანსია არ შეივსო, პრეზიდენტი შესაბამის კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატს წარადგენს და კენჭი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას ეყრება.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებების მიღება მიზანშეწონილია იმისთვის, რომ ცესკომ შეძლოს შეუფერხებელი საქმიანობა, საარჩევნო სისტემისა  და პროცედურების გაუმჯობესება, რისთვისაც „მნიშვნელოვანია, ცესკოს წევრები და ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული იყვნენ კანონმდებლობით განსაზღვრული სრული ვადით, აღარ გახდეს საჭირო ე.წ „ჩიხური მდგომარეობიდან“ გამოსავლის დამატებითი მექანიზმების გამოყენება, ასევე დაიხვეწოს ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურები და უზრუნველყოფილი იყოს დამატებითი გამჭვირვალობა“.

კანონპროექტის ავტორები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ „ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის დღეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის ანალოგიური სამართლებრივი პრაქტიკა არ არსებობს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში.“

„მეორე პუნქტში გამოკვეთილია სახელმწიფო ინსტიტუტების სრულად გამართულად საქმიანობისა და გაუმჯობესებული საარჩევნო კანონმდებლობის დამატებით დახვეწის მიზანშეწონილობა, რისთვისაც საქართველოს მხრიდან არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ მათ შორის, გადაიდგას კიდევ ერთი ნაბიჯი ევრორეკომენდაციების შესრულებისაკენ და მიღწეული იქნეს ზემოაღნიშნული მიზნები, აუცილებელია დაიხვეწოს არსებული საკანონმდებლო ჩარჩო“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები პარლამენტს ასარჩევად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს. მანამდე ის საკონკურსო კომისიას ქმნის და აცხადებს კონკურსს.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3-იანი კვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკოს თავმჯდომარეს 2/3-ით ვერ აირჩევენ, კენჭს მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით უყრიან. 2/3-იანი კვორუმით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობას 5-წლიანი ვადით იკავებს, უბრალო უმრავლესობით დამტკიცებული – 6 თვის ვადით.

„საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები მამუკა მდინარაძემ, გივი მიქანაძემ, დავით მათიკაშვილმა, რატი იონათამიშვილმა და ირაკლი შატაკიშვილმა მოამზადეს.