ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პრორუსული „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელს, გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
პროკურატურამ რცხილაძის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენება მოითხოვა, დაცვის მხარემ კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა. ამასთან, სასამართლოს ალტერნატივის სახით 30 000-ლარიანი გირაოს გამოყენებაც შესთავაზა.
ადვოკატის განცხადებით, გულბაათ რცხილაძე ბრალს არ აღიარებს და მის დაკავებას პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. როგორც ლაშა გოლუბიანმა განაცხადა, „საქმეში გარკვეული სახის ვიდეო-მასალა დევს, მაგრამ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გულბაათ რცხილაძემ რაიმე დანაშაული ჩაიდინა“.
„ადამიანს რომ ჯაშუშობა დააბრალო ან დაუმტკიცო, უნდა იყოს ორი ფაქტი: სხვა ქვეყნის დავალებებით მოქმედებდეს, უცხო ქვეყნის დავალებებით მოქმედებდეს, აგროვებდეს ინფორმაციას და მათ შორის საიდუმლო ინფორმაციას და ქვეყანა ზიანდებოდეს. ქვეყნის ინტერესები დააზიანა ბატონმა გულბაათმა? არა. დაგვიდონ მაშინ ფაქტი, რომ რაიმეთი დააზიანა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები…
მან კატეგორიულად უარყო რომელიმე ქვეყნის ჯაშუშობა ან სხვა ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედება. აღნიშნა, რომ მზადაა ითანამშრომლოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, თუ რამე კითხვები აქვთ, დაუსვან კითხვები, მაგრამ ის, რომ ეს ადამიანი მოღალატე და ჯაშუშია, ეს კატეგორიულად უარყო და რეალურად არ არის“, – თქვა ადვოკატმა, რომელსაც ხელი გაუთქმელობაზე აქვს მოწერილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, გულბაათ რცხილაძე ორი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა, თუმცა უწყებას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.
„ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებასაც“, – აცხადებს სუსი.
გულბაათ რცხილაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გულბაათ რცხილაძე ცნობილია თავისი პრორუსული განწყობითა და საქმიანობით.
იგი არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია ქართულ მედიასა და მესამე სექტორში მიჩნეულია კრემლის ნარატივებისა და პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ გამტარად საქართველოში.
რცხილაძე არის საქართველოში 9 მაისთან დაკავშირებული აქციების — „უკვდავი პოლკის“ (იგივე „საქართველოს უკვდავი ჯარის“) მსვლელობების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და ინიციატორი. ეს ინიციატივა რუსული პროექტის ანალოგია და ხშირად ასოცირდება საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებასთან, რის გამოც ორგანიზატორებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან გაფრთხილებებიც აქვთ მიღებული.
მისი პროექტები და ღონისძიებები ხშირად ხორციელდება რუსული სახელმწიფო თუ კერძო ფონდების მხარდაჭერით
„ევრაზიის ინსტიტუტმა“ და რამდენიმე სხვა პრორუსულმა ჯგუფმა 2026 წლის 25 მაისს საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ დააფუძნეს.
რცხილაძეს „ობიექტივზე“ გადაცემა „მსოფლიო პოლიტიკა და საქართველოც“ მიჰყავდა.