არ გვაქვს უფლება, დღეს ასე დავიშალოთ. სასამართლოს ეზოც პროტესტის ადგილი უნდა გახდეს და რუსთაველიც - ფოფხაძე

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ორ ეპიზოდში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ კვლავ თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას იქ მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების სხვა წევრების პროტესტი მოჰყვა. სხდომის დასრულების შემდეგ მათ გედევან ფოფხაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ სასამართლოს ეზოც და რუსთაველიც უნდა გახდეს პროტესტის ადგილი.

„დღეს უნდა სათქმელი ითქვას, აქ, აი ამ ეზოში და არა სადმე სხვაგან. ყველას გთხოვთ, ვინც გამოვა ახლა ამ დარბაზიდან, არსად არ ვიშლებით. ყველა ჩვენს სათქმელს ვამბობთ აქ. შეგნებული გვაქვს, რომ სასამართლოს ეზოში არ შეიძლება მიტინგის გამართვა, მაგრამ კარგად ვიცით, რომ არ შეიძლება, სასამართლომ უკანონო განაჩენები გამოიტანოს.

დღეს უნდა დაიწყოს რაღაც ახალი. ეს არის ყველა ჩვენგანის ვალდებულება… რომ არ გავხდეთ ამ დანაშაულის თანამონაწილეები, საჭიროა, ჩვენ რაღაც გავაკეთოთ. დღეს ახალი ერთობის წინაპირობები უნდა გაჩნდეს”, – მიმართა სასამართლოს ეზოში შეკრებილ საზოგადოებას გედევან ფოფხაძემ.

სიტყვით გამომსვლელმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდეს.

LB loan image desktop LB loan image mobile