არ გვავიწყდება, რომ მოჭრილი შხამიანი გველის თავი რამდენიმე ხანს კიდევ იკბინება – ნათელაშვილი

პუბლიკა

„ხელისუფლება წავიდა პროპორციული არჩევნების მიმართულებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ქაჯეთის ციხე დაინგრევა, ქართველი ხალხი გათავისუფლდება, ხელისუფლება მშვიდობიანად, არჩევნებით გზით შეიცვლება და შესრულდება ის, რისთვისაც მთელი ერი, ფაქტობრივად, ბარიკადებზე იყო გამოსული”, – განაცხადა ოპოზიციის პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლეიბორისტურლი პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის საკონსულტაციო ფორმატი შენარჩუნდება და გაძლიერდება.

„არ გვავიწყდება, რომ მოჭრილი შხამიანი გველის თავი ინსტიქტურად რამდენიმე ხანს კიდევ იკბინება. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ იმ თავის გასასრესად, თუ გააღებს კიდევ პირს დასაკბენად. ამის გარანტიას ვაძლევთ რეჟიმს. აღნიშნული მიზნით, ოპოზიციური საკონსულტაციო ფორმატი შენარჩუნებული და გაძლიერებული იქნება. თანამშრომლობა მაჟორიტარულ ბლოკზე, ასევე, განხორციელდება და ჩაიყრება საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ემსახუროს კოალიციური მთავრობა”, – განაცხადა ნათელაშვილმა.


8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.