ვისაც შეუძლია, რომ ერთხელ გადაგაგდოს, შეუძლია, რომ მეორედაც გადაგაგდოს, ამიტომ გვჭირდება სიფრთხილე - იაგო ხვიჩია

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის” ოფისში დასრულდა შეხვედრა, რომელზეც ოპოზიციის წევრებმა საერთო განცხადება შეიმუშავეს, სადაც, მათი თქმით, საარჩევნო რეფორმასა და პოლიტიკურ პარტიმრებთან დაკავშირებით საერთო პოზიცია ჩამოაყალიბეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მთავარი ინტერესი არის, არსებობს თუ არა რისკი, რომ ხელისუფლებამ დაპირება კიდევ ერთხელ არ შეასრულოს. საუბარია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120-30-ზე პროპორციით ჩატარებაზე. ხვიჩიას აზრით, ოპოზიციას სჭირდება სიფრთხილე, რათა მმართველ პარტიას ინიციატივის ჩაგდების საშუალება არ მიეცეს.

„ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს არის ის, რომ არსებობს თუ არა რამე რისკი, რომ მეორეჯერ გადაგვაგდონ. ვისაც შეუძლია, რომ ერთხელ გადაგაგდოს, შეუძლია, რომ მეორედაც გადაგაგდოს, ამიტომ გვჭირდება სიფრთხილე, რომ ეს პროცესი მივიყვანოთ ბოლომდე.

ახალგადაგდებულზე არ შეიძლება გარანტირებული იყოს, ზოგადად. ვიცით, ვინ მოიაზრება პოლიტმატიმრებად და ხელისუფლებასაც აქვს ამის შესახებ ინფორმაცია და რაღაც ტიპის სიტყვიერი შეთანხმება არსებობს. ხელისუფლება მათ არ მიიჩნევს პოლიტპატიმრებად, მაგრამ მიდის პოლიტიკურ კონსესუსზე და ტემპერატურის დაბლა დაწევის მიზნით ათავისუფლებს მათ”, – განაცხადა ხვიჩიამ.

ოპოზიციური პარტიების განცხადების ტექსტს, მათი თქმით, შალვა ნათელაშვილი გაასაჯაროებს.

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა 8 მარტს დღის 2 საათზე დაიწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე,  ოპოზიციური პარტიების ლიდერები, შეხვედრაზე იყო გერმანიის ელჩი. შეხვედრაზე შეთანხმება საპარლამენტო არჩევნების 120/30 სისტემით ჩატარებაზე შედგა. ასევე ბარიერი 2020 წლის არჩევნებზე 1%-იანი იქნება.