არ გვინდა კონფლიქტის რეგიონული გაფართოება, თუ ამას თავს არ მოგვახვევენ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

პუბლიკა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანი არ ცდილობს ისრაელთან კონფლიქტის გაფართოებას ფართომასშტაბიან რეგიონულ ომად, „გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს  თავს მოახვიეს“.

მინისტრის თქმით, ირანი მზად იყო განეახლებინა ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებები აშშ-სთან, თუმცა ისრაელის მიერ პარასკევს განხორციელებულმა იერიშებმა ეს პროცესი ჩაშალა და ცხადყო ისრაელის სრული წინააღმდეგობა ნებისმიერი სახის დიპლომატიისადმი.

„სრულიად ნათელია, რომ ისრაელის რეჟიმს არ სურს ბირთვულ საკითხზე შეთანხმება, არ სურს მოლაპარაკება და არც დიპლომატია,“ — განაცხადა არაღჩიმ სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ შეხვედრაზე, რომელსაც უცხოელი დიპლომატები ესწრებოდნენ. „ირანზე თავდასხმა ბირთვული მოლაპარაკებების შუაგულში ცხადყოფს ისრაელის რეჟიმის მტრულ დამოკიდებულებას დიალოგის მიმართ.“

არაღჩიმ აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან განხორციელებული იერიშები ისრაელის სამხედრო და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას შეეხო, ხოლო ისრაელის თავდასხმები ირანის ნავთობქიმიურ ქარხნებზე გააკრიტიკა.

„ჩვენ არ ვაპირებთ ამ ომის გაფართოებას სხვა ქვეყნებსა და რეგიონზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამას ძალით მოგვახვევენ თავს,“ — განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ისრაელმა პარასკევს, გამთენიისას ირანში სამხედრო ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშები მიიტანა.

ამ იერიშებმა, ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, იმსხვერპლა ისლამური რევოლუციური გვარდიის მეთაური ჰოსეინ სალამი, რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო პირი და მეცნიერი.

ისრაელის სამხედრო ძალების თქმით, პარასკევს დილითვე ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 დრონი გაუშვა, რომლებიც  ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.

შეტევის სამიზნეში მოხვდა, მათ შორის, ირანის მთავარი ურანის გამამდიდრებელი ობიექტი.

ისრაელში ირანის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.

CNN-ის ინფორმაციით, რომელიც ისრაელის სამძებრო-სამაშველო ორგანიზაცია ZAKA-ს ეყრდნობა,  ექვსი ადამიანი ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ბათ-იამში დაიღუპა, სადაც დარტყმა საცხოვრებელ შენობაზე განხორციელდა.

კიდევ ოთხი ადამიანი კი ჩრდილოეთ ქალაქ ტამრაში დაიღუპა, სადაც ასევე შენობები დაზიანდა.