არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებზე ან სანქციებზე - დეგნანი ივანიშვილზე

პუბლიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ფორმულას“ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კომუნიკაციის დროს მათ აშშ-საქართველოს პარტნიორობა და ვაშინგტონის ქვეყნისადმი მხარდაჭერა განიხილეს.

„ცხადია, არ მსურს ბატონი ივანიშვილის მოტივებზე ვარაუდების გამოთქმა. ჩემი მხრიდან, შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ, როგორც წესი არ ვასაჯაროებთ პირად შეხვედრებს. იქნება ეს ბატონ ივანიშვილთან თუ ვინმე სხვასთან. უბრალოდ დიპლომატიისთვის არ არის მიღებული წესი ასე მოიქცეს. თუ კი მეორე მხარეს ურჩევნია, რომ არ გასაჯაროვდეს, მაგრამ როგორც კი გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად საუბრობდა ამ შეხვედრაზე, მე დავადასტურე, რომ ჩვენ შევხვდით და ვისაუბრეთ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაზე და მრავალ სხვა სფეროზე სადაც აშშ ცდილობს მხარი დაუჭიროს საქართველოს განვითარებას.

ცხადია, ბატონი ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია, ის ძალიან წარმატებული ბიზნესმენია და ამიტომ, ნორმალურია, რომ გვსურს მასთან შეხვედრა, როგორც საქართველოს ბევრ სხვა მოქალაქესთან. სინამდვილეში, სწორედ ეს არის დიპლომატების საქმიანობა. ჩვენი ამოცანაა შევხვდეთ რაც შეიძლება ბევრ სხვადასხვა წარმომადგენელს ქვეყანაში. ამ შეხვედრაზე ასევე გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა შეერთებული შტატების ერთგულებაზე საქართველოს მიმართ. ჩვენს ძალისხმევაზე, რომ მრავალმხრივი მხარდაჭერა უზრუნველყოთ საქართველოსთვის ჩვენი საქმიანობით.“

როგორც ელჩმა აღნიშნა, ივანიშვილთან შეხვედრისას მისი პირადი ფინანსების საკითხი არ განუხილავს.

„ჩვენ არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებზე, სანქციებზე ან რაიმეზე, რაც შესაძლოა, წარმოჩენილი იყოს როგორც შანტაჟის ან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა. შეხვედრისას საერთოდ არ ყოფილა ამ თემებზე საუბარი…

როგორც ვთქვი, მე ვხვდები ბევრ სხვადასხვა ადამიანს საქართველოში – ძალიან გავლენიან წარმატებულ ქართველებს, სტუდენტებსა თუ მასწავლებლებს. ამდენ განსხვავებულ ადამიანს იმიტომ ვხვდები, რომ მინდა უკეთ გავიგო ქართული კულტურა, ქართული საზოგადოება, ქართული ოცნებები და მისწრაფებები. მინდა გავიგო, როგორ შეუძლია აშშ-ის უკეთ დაეხმაროს საქართველოს”- თქვა ელჩმა.[„ფორმულას“ თარგმანი]