არ მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით - წულუკიანი

პუბლიკა

„არ მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით“, – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გერმანელი ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის კრიტიკას საქართველოს ხელისუფლებისადმი.

წულუკიანის თქმით, საქართველოში მსგავსი პოლიტიკოსების განცხადებებზე კომენტარების კეთება უნდა შეწყვიტონ.

„დაახლოებით იმას ჰგავს, რომ სალომე სამადაშვილი გამოდიოდეს დილით, შუადღეს, საღამოს გერმანულ და ფრანგულ არხებზე და გერმანელ და ფრანგ ერებს ასწავლიდეს როგორ იცხოვრონ. წარმოიდგინეთ, რამდენად არასერიოზულად გამოჩნდებიან ფრანგები და გერმანელები, რომ ყოველდღე კომენტარები აკეთონ: „სალომემ ასე თქვა, სალომემ ისე თქვა“.

ეს ხარხარის დონის ანეკდოტია და ჩვენ ასე ვიქცევით საქართველოში და ალბათ დროა, რომ ასეთი ქცევა ყველამ – ჩემით დაწყებული, სხვებით გაგრძელებული, შევწყვიტოთ. იმიტომ ,რომ გერმანელები არ ცხოვრობენ სალომე სამადაშვილის რეცეპტებით და მეც არ მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით.

ჩვენ გვყავს ჩვენი ოფიციალური კოლეგები სახელმწიფო დეპარტამენტში, მათი წარმოგზავნილი ოფიციალური ელჩია ქალბატონი კელი დეგნანი, რომელთანაც გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობა, გვყავს ევროკავშირში სხვადასხვა დეპუტატი“, – თეა განაცხადა წულუკიანმა.


მანამდე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ვიოლა ფონ კრამონი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მეგობრობს და ამის გამო „საქართველო და ქართველი ხალხი დიდად არ აღელვებს“.

ამის საპასუხოდ კი ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ თეა წულუკიანი ვლადიმერ პუტინის მსგავს მეთოდებს იყენებს. ის არასდროს ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკში და ეს ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლო და იმედგამაცრუებელი იყო.

„როცა პუტინს აკრიტიკებენ, მათ რუსოფობებს ეძახიან, არადა ეს კრიტიკა არ მიემართება რუს ხალხს, ჩვენ ვაკრიტიკებთ პუტინის რეჟიმს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც, ჩვენ ვაკრიტიკებთ არა ქართველ ხალხს და საქართველოს, არამედ ხელისუფლებას, როგორც საქართველოს წარმომადგენელს, რადგან მოვლენები მათი მხრიდან არასწორად ვითარდება“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.