„დარწმუნებული ვარ, ვიოლა ფონ კრამონს საქართველო და ქართველი ხალხი დიდად არ აღელვებს“ - წულუკიანი

პუბლიკა

„ქალბატონი ფონ კრამონს, ნაციონალებთან მეგობრობს გამო, დარწმუნებული ვარ, საქართველო და ქართველი ხალხი დიდად არ აღელვებს. თავის მეგობრებს რომ გარედან მხარი დაუჭიროს, მზად არის, დამოუკიდებელი საქართველოს დეპუტატს, მთავრობას, მიაყენოს ღია შეურაცხყოფა. ეს არ არის ბრალდება, ეს ფაქტია“, – კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE-ს“ ეთერში ის უცხოელი პატნიორები გააკრიტიკა, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილისა თუ ნიკა გვარამიას პატიმრობასა და „ოცნების“ პოლიტიკასთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს.

თეა წულუკიანის მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „უცხოელთა პატარა ჯგუფი მოგვყიდოს, რომ ისინი არიან ევროპა და დასავლეთი“. მისივე თქმით, უცხოელთა ეს ჯგუფი ცდილობს, „ქართველ ხალხს მიჰყიდოს, რომ თუკი ისინი რაღაცით არიან უკმაყოფილოები, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპა, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, ფრანგები, გერმანელები, პოლონელები და ყველა გვერჩის ერთიანად“.

წულუკიანი „უცხოელთა ჯგუფში“ ასახელებს: ევროპარლამენტარებს ვიოლა ფონ კრამონს, ანა ფოტიგას; აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში იან კელის; ლიეტუვის სეიმის წევრ ჟიგიმანტას პავილიონისსა და ა.შ.

„მათში ვგულისხმობ ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ გერმანელ პოლიტიკოსს, ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს, რომელსაც მგონი თავის საარჩევნო ოლქში აღარ აქვს იმდენი საქმე და პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში – ხან ვის დაუქნევს თითს, ხან ვის და ჰგონია, რომ მას ამის უფლება აქვს. ასევე არის ბატონი იან კელი. ალბათ, ერთი იან კელის წონის ცრემლები აქვს ერთ ქართველ დედას ჩუმად დაღვრილი, როდესაც შვილებს ევროპული და დასავლური არჩევანის დასაცავად უშვებდა სხვადასხვა ბრძოლაში […]

არიან კიდევ სხვები, კოლექტიური პედრო აგრამუნტები, რომელიც შემდეგ პუტინის თვითმფრინავით („ნაცები“ უყვარდა და პუტინის თვითმფრინავით) ასადთან ჩაფრინდა სირიაში, გვახსოვს ეს ყველას და განდევნეს ევროსაბჭოს ასამბლეიდან, კოლექტიური ჟიგიმანტასები და ა.შ. ესენი არიან პატარა ჯგუფი და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ეს ხალხი მოგვყიდოს, რომ ესენი არიან თვით ევროპა. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ამ ხალხს აქვს მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესი, „ნაციონალებთან“ ერთად რომ გადააყირაოს ეს მთავრობა, იმიტომ, რომ ისინი არ გვთვლიან ჩვენ მეგობრებად. ეს არის მეგობრული წრე და მეგობრობაში მოსულა, რომ ერთმანეთი დაიცვან. …მეგობრობაში ბევრი რამ იგულისხმება. […]

სულ 10-11 კაცია, ესენი არიან მეგობრები, მერე გამოვა, მაგალითად, ქალბატონი ფოტიგა, ამ ჯგუფში მოვიაზრებ მე მას და როცა რამეს უსაყვედურებ, იტყვის, არა, მე მიყვარს საქართველო. გააჩნია, საქართველოში ვინ რას გულისხმობს, ასე რუსიც გულისხმობდა საქართველოში ხაჭაპურს, მაგრამ საქართველო მხოლოდ ხაჭაპური, ლამაზი სვანეთი და კოშკები არ არის, საქართველო არის ერი პირველ რიგში, რომელსაც პატივი უნდა სცე“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, ბევრჯერ უფიქრია, რომ „თუკი უსამართლოდ უცხოელების რომელიმე პატარა ჯგუფი რამეს გაგვიბედავდა“, ამაში მთავრობაც იყო დამნაშავე.

„2021-22 წლამდე არ გავბედეთ მათთვის გვეთქვა, რომ აქ დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ჩვენ ამ სახელმწიფოებრიობაში ათადან და ბაბადან დღემდე სისხლი ჩავღვარეთ, დაწყებული პატარა გოგოებიდან დამთავრებული დიდი კაცებით და თუ შეიძლება ცოტა დამშვიდდით, იმიტომ, რომ თქვენ ელაპარაკებით სუვერენულ სახელმწიფოს“, – განაცხადა მან.

მინისტრის პოზიციით, ხელისუფლებამ „უცხოელთა ჯგუფის“ მიერ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ღია შეურაცხყოფის ფაქტები ერთად უნდა აღკვეთონ, შეაჩერონ და მუშაობა დაიწყონ „ნამდვილ მეგობრებსა და პარტნიორებთან“.

თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს ჰყავს ნამდვილი მეგობრები, რომლებიც მედიაში არ ჩანან, მაგრამ ისინი მუშაობენ მთავრობასთან, განსხვავებით „უცხოელთა პატარა ჯგუფისა“, რომლებსაც მინისტრი „უცხოელ ნაცებს“ უწოდებს.

„ისინი არიან უცხოელი ნაცები. ნაციონალები „ფირმის“ სინდრომით არიან დაავადებული და ჰქონიათ, რომ თუ ფონ კრამონი და იან კელი რაღაცას გვეტყვიან, თვით დასავლეთი ღაღადებს ჭეშმარიტებას. ეს ასე არ არის. იან კელი იყო ჩვენთან ელჩი და მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ძალიან არ უყვარდა მას საქართველო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.