არ მგონია, რომ სოციალური საკითხები რიგგარეშე სხდომის მოწვევის საბაბი უნდა იყოს - სარჯველაძე

პუბლიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ეხმაურება საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივას სოციალური საკითხების განსახილველად რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ეს საკითხები უნდა განიხილონ, მაგრამ რიგგარეშე სხდომის მოწვევის საბაბი არ უნდა იყოს.

„პრობლემა იმაში კი არ არის, რომ სოციალური საკითხი არ განვიხილოთ, არამედ პირიქით, ეს საკითხი უნდა განვიხილოთ; უბრალოდ, როცა ამ საკითხისთვის არჩეულია რიგგარეშე სხდომის მოწვევა, არ მგონია, რომ ეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საბაბი უნდა იყოს. ამისთვის საკმარისია სხვა საპარლამენტო ბერკეტი, სადეპუტატო კითხვების გზით ინფორმაციის მოძიება, სამუშაო ფორმატებში შეხვედრების გამართვა.

როცა აქცენტი კეთდება მაინც და მაინც ერთ-ერთ ფორმატზე, რაც არის რიგგარეშე სხდომის მოწვევა, ამ შემთხვევაში ინიციატორების მიზანია ის, რომ იყოს უფრო მეტად პოლიტიკური მდგენელის მიმართულებით აქცენტების გაკეთება, ვიდრე დისკუსია და მსჯელობა, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. ამ საკითხებზე უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ამისთვის აუცილებელი არ არის რიგგარეშე სხდომის მოწვევა.

სოციალური მიმართულებით საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით აქამდეც ბევრი გაკეთდა როგორც განხორციელებულ პროექტებზე, ასევე დაგეგმილზე. მიღებულია „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონი, რითაც განსაზღვრულია ანაზღაურების საკითხი და კონკრეტული გეგმაა გაწერილი. საკმარისი იქნება, ყველამ საგნობრივად მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ, სიღრმეებში შევიდეთ და გაჩნდება მარტივად პასუხიების მიღების შესაძლებლობა“, – აცხადებს სარჯველაძე.


17 დეკემბერს „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ და ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ოპოზიციამ ყველა ბერკეტი გამოიყენოს და რიგგარეშე სესიაზე ჯანდაცვის მინისტრი დაიბაროს.

დეპუტატების თქმით, მინისტრს შეკითხვები უნდა დაესვას როგორც დევნილთა პრობლემაზე, ასევე სოციალური აგენტების გაფიცვის შესახებაც.