„ცალკეული შეხვედრები არ ემსახურება იმას, რომ ოპოზიციის ერთიანი პოზიცია იყოს ჩამოყალიბებული ამ მნიშვნელოვან საკითხზე”, – ამის შესახებ პარტია „ლელოს” წევრმა კახა კოჟორიძემ „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა პოზიცია აქვს „ლელოს” „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ ინიციატივაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნები იყოს ერთგვარი პლებისციტი, კოჟორიძე პასუხისას თავდაპირველად ყურადღებას ფორმატზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური შეხვედრები პარტიას სწორად არ მიაჩნია.
„ფორმატთან დაკავშირებით ცხადია, რომ არავისთან საუბარი პრობლემა არაა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან კი არა, ხელისუფლებასთან თუ ნებისმიერ პოლიტიკურ აქტორთან საუბრის პრობლემა არ არსებობს. მაგრამ ყველა საუბარს სჭირდება სწორი ფორმატის შერჩევა და ასეთი სწორი ფორმატი ოპოზიციამ ერთად შეარჩია – ერთად ვიკრიბებოდით და ერთად ვმსჯელობდით იმ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რაც ოპოზიციას ჰქონდა არჩევნების ბოიკოტირებასთან დაკავშირებით.
დღეს უკვე ამ ფორმატის გვერდის ავლით, ამ ფორმატის არ გათვალისწინებით, რაღაც ინდივიდუალური შეხვედრები, არ მიგვაჩნია, რომ სწორია.
…თუ ვთანხმდებით, რომ შესვლა-არშესვლა, რაღაცაზე ჩამოყალიბება, ეს უნდა იყოს ერთობლივი გადაწყვეტილება, მაშინ მოდი, ერთად ვიმსჯელოთ. ალეკოს და „გირჩის” ამ ნაწილს როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვთ შესვლა და თანამოაზრეების ძებნას უფრო ჰგავს ამ გადაწვეტილების შესრულების პროცესი, ვიდრე სწორი პროცესის გაგრძელებას. ეს სწორი პროცესი არ არის ვაჭრობა, რომელიც ახლაა გამართული. სწორი პროცესი არის პრინციპული პოზიციის გაგრძელება და ეს პრინციპული პოზიცია მიიყვანს ამ პროცესს იქამდე, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს”, – ამბობს კოჟორიძე.
რაც შეეხება ერთიან ფორმატში ამ საკითხის განხილვას, კოჟორიძე აღნიშნავს, რომ ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.
„ერთიანი ფორმატისთვის სამსჯელოდ, ცხადია, მზაობა არსებობს… ნებისმიერი წინადადება იმსახურებს განხილვას, რა თქმა უნდა, ეს წინადადებაც შეიძლება იყოს განხილული. მე ვერ გეტყვით, რა იქნება უშუალოდ ამ კონკრეტულ წინადადებაზე „ლელოს“ პოზიცია, იმიტომ, რომ ამაზე სიღრმისეული ოფიციალური მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ თავად ეს წინადადება რომ შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი, მათ შორის, ერთიან ფორმატში, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ”, – ამბობს ის.