„გირჩი“ და „მოქალაქეები“ დღეს კონსულტაციას გამართავენ

პუბლიკა

დღეს, 14 იანვარს „გიჩი“ და „მოქალაქეები“ კონსულტაციებს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაცია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა გაავრცელა. იოსელიანის თქმით, ისინი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს განიხილავენ, ასევე – ოპოზიციის პარლამენტში შესვლისა და არჩევნების საკითხს.

„მაინტერესებს მათი ხედვა, როგორ ხედავენ ამ ყველაფერს, რა გეგმები აქვთ. მივდივართ, რომ გავიგოთ, როგორია მათი პოზიცია. ჩვენი პოზიცია ნათელია – ვამბობთ, რომ შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ ვაპირებთ. დაველოდებით მეხუთე რაუნდს, ვნახავთ, რა ტიპის შეთანხმებას მივაღწევთ და თუ მისაღები იქნება ყველა ის პირობა ჩვენთვის, სხვაც რომ არ შემოვიდეს, ჩვენ მოვაწერთ ხელს ამ შეთანხმებას და შევალთ“, – აცხადებს იოსელიანი.

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მათი ამოცანაა გაარკვიონ, რა უშლის ხელს შეთანხმებას პოლიტიკოსებს შორის იმისთვის, რომ 60-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შევიდეს და იქ განაგრძოს საქმიანობა. ხვიჩია ამბობს, რომ მას დალაპარაკება სურს როგორც ოპოზიციურ პარტიებთან, ისე „ქართულ ოცნებასთან“.

რაც შეეხება „გირჩის” შეთავაზებას – პარტია თავიდანვე აცხადებს, რომ მათი მიზანია პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ხვიჩიას შეთავაზებაა, რომ 2021 წლის შემოდგომის თვითმმართველობის არჩევნები გამოყენებულ იქნას, როგორც პლებისციტი:

„რაც შეეხება ჩვენს სურვილს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოლაპარაკების დროს, რომ იყოს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივ დონეზე. ჩვენ ეს მოთხოვნა გვაქვს და გვინდა, დაველაპარაკოთ არა მხოლოდ ალეკო ელისაშვილს, არამედ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ხელისუფლებასაც, თუ რა კონტრარგუმენტი აქვთ ჩვენს შეთავაზებასთან დაკავშირებით.

ჩვენ გვინდა პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი არჩევნები გამოვიყენოთ, როგორც ერთგვარი პლებისციტი, რომელსაც მოითხოვდა ოპოზიცია ახალი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. თუ მოიგო ოპოზიციამ, დაინიშნოს ახალი არჩევნები, თუ ვერ მოიგო, მაშინ დავანებოთ თავი ვადამდელ არჩევნებზე ზრუნვას, რადგან გამოვა, რომ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე“, – განაცხადა ხვიჩიამ.


ჯერჯერობით, კვლავ უცნობია, როდის გაიმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების V რაუნდი.

„მოქალაქეები“ და „გირჩი“ გადაწყვეტილების მისაღებად მოლაპარაკებას ელოდებიან, საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა კი საარჩევნო სიის გაუქმებისა და დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, ცესკოსა და პარლამენტს მიმართეს.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა „პატრიოტთა ალიანსის“ სიის პირველ სამ წევრს – ინაშვილს, ლომიასა და თევდორაძეს.

ადგილმონაცვლეობის პრინციპით მათი ადგილი პარლამენტში „პატრიოტების“ ყოფილმა წევრებმა, ამჟამად პარტია „ევროპელი სოციალისტების“ 4-მა დეპუტატმა დაიკავა.