„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში კვლავ მედიის ნაწილისთვის გააკეთა განცხადება და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დღევანდელ კომენტარს გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ PVT-ში ცდომილებას არ შეიძლება ეწოდოს უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება.
„მე არ მინდა, ზედმეტად შევიდე პოლემიკაში ქალბატონ ელჩთან, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი, რომ ნამდვილად დასანანია ის განცხადებები, რომლებიც კეთდება ISFED-თან დაკავშირებით, PVT-ის გაყალბებასთან დაკავშირებით. არ შეიძლება ამ მნიშვნელოვან ფაქტს, როგორიც იყო PVT-ის გაყალბება, ეწოდოს უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება.
თქვენ გახსოვთ, რომ თვე-ნახევარი დასჭირდა PVT-ის გაყალბების აღიარებას. ვიდრე კუთხეში არ მივაყენეთ ISFED, მანამდე არ აღიარებდა ის იმ სიყალბეს, რომელიც იყო წარმოდგენილი.
ეს არ იყო უმნიშვნელო თავისი სახით და ეს არ იყო უმნიშვნელო თავისი არსით, საუბარი იყო ზღვრის გადალახვაზე, იმ ზღვრისა, რომელიც იყო დასაშვები ფარგლები PVT-ის ცდომილების კუთხით.
როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს წარმოადგენს ორგანიზაცია, მას არ შეიძლება, უწოდო სანდო. ეს დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს.
კიდევ გავიმეორებ, ასეთი განცხადებები არის დასანანი, როცა ხდება PVT-ის გაყალბება, რაც გახდა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი საბოტაჟისთვის, რევოლუციური სცენარისთვის. ეს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ბუნებრივია, ასეთ დროს ასეთი განცხადებების კეთება არის ყოვლად დაუშვებელი. გაყალბებისთვის ხელის დაფარება არის ძალიან ცუდი“, – განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტიის ლიდერი არჩევნებთან დაკავშირებით დეგნანის შეფასებასაც გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით ის არჩევნები ყველა ორგანიზაციამ შეაფასა, როგორც კონკურენტული და თავისუფალი.
მისივე თქმით, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანი რევოლუციური სცენარი იყო, რასაც ხელის დაფარება არ სჭირდება.
„რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებას, რომელიც გააკეთა ქალბატობმა ელჩმა, თითქოს სამართლიანად არ იყო შეფასებული ეს არჩევნები, მე შეგახსენებთ, როგორც ეუთო/ოდირის, ასევე ყველა სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული.
რაც შეეხება სიტყვა სამართლიანს ეს ტერმინოლოგია არის ამოღებული ზოგადად, როგორც ეუთო/ოდირის ასევე სხვა საერთაშორისო მისიების პრაქტიკიდან, მაგრამ თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი.
რაც შეეხება ხარვეზებს, რომლებზეც იყო საუბარი ამ ანგარიშებში, შეგახსნებთ, რომ ეუთო/ოდირის შესაბამის ჩანაწერებშიც იყო მითითებები იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებზე, რომლებმაც გააყალბეს PVT, კარუსელი სიტყვა არსად არ იყო ნახსენები. ეს იყო, სამწუხაროდ, მორიგი მცდარი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა. არ ვიცი, ვინ შეიყვანა ელჩი დღეს შეცდომაში, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყვნენ კონკრეტული ორგანიზაციები, ნჯოები, რომლებიც იყვნენ დაინტერესებული რევოლუციური სცენარით.
რატომ იყვნენ დაინტერესებული, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ორიოდე თვის წინ, როდესაც ISFED და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ პირდაპირ აღმოჩნდნენ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის სცენაზე.
ყველაფერი არის დღესავით ნათელი. გაყალბდა PVT, გაყალბდა მონაცემები არჩევნების გაყალბების შესახებ და ა.შ. რაც ემსახურებოდა თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის განხორციელებას. ამას ხელის დაფარება არ სჭირდება, ამას სჭირდება აღიარება. აღიარება არის საუკეთესო გზა, რომ ISFED-მა და მსგავსმა ორგანიზაციებმა მინიმალურ დონეზე მაინც გამოისწორონ საკუთარი რეპუტაცია“, – განაცხადა კობახიძემ.
ხარვეზი ISFED-ის PVT-ში
2020 წლის 11 დეკემბერს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა.
ორგანიზაციამ აღიარა, რომ გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.
ორგანიზაციის განცხადებით, ამ სხვაობას გავლენა არ მოუხდენია არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.
მანამდე ISFED-ის პარალელური დათვლით „ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ 47.6%. სხვაობამ 1.8% შეადგინა.